დავით უსუფაშვილი - ჩვენ გვინდა სამართლიანი, ვაჟკაცური შეჯიბრი, რომელსაც გამარჯვებული ჰყავს
სწორედ ოპოზიცია იქცევა ისე, როგორც ხელისუფლება უნდა იქცეოდეს, სახელმწიფოებრივად და ქვეყნის სასიკეთოდ, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ოპოზიციამ დღეს ხელისუფლებას გამოსავლის სახით ე.წ. გერმანულ მოდელზე დაფუძნებული ახალი საარჩევნო სისტემა შესთავაზა, რომელიც ყველა მხარეს უნდა აწყობდეს.
„ჩვენ განცხადებით მივმართეთ დღეს ქართულ საზოგადოებას, ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და შევთავაზეთ ძალიან კონკრეტული გამოსავალი კრიზისიდან, გერმანულ მოდელზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც მაჟორიტარებსაც უნდა აწყობდეთ, პროპორციული სისტემის მომხრესაც და ყველას. ვხედავთ, რომ სწორედ ოპოზიცია იქცევა ისე, როგორც ხელისუფლება უნდა იქცეოდეს, ანუ სახელმწიფოებრივად და ქვეყნის სასიკეთოდ. „ოცნებიდან“ გვესმის დიდი ტირადა იმის თაობაზე, როგორი ცუდი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და რამდენი ცუდი საქმე გააკეთა საარჩევნო საკითხებში. ამას მესაუბრება ხალხი, რომელიც თავად იმ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი და დამფინანსებელი იყო მთელი ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ვაპროტესტებდით მაშინ იმ არასწორ ქმედებებს. დღეს მათაც ვეუბნებით – თუ უკვე იცით, რომ ცუდი იყო, როცა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიცია მოატყუა და ამის გამო მათ ხელისუფლების დათმობა მოუწიათ, თქვენ რატომ ატყუებთ ოპოზიციასაც და ქართველ ხალხსაც“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისი შეფასებით, ხელისუფლების განცხადება მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების საკითხზე „ფოჩიანი კანფეტებით ვაჭრობის მცდელობაა“.
„გთავაზობთ გამოსავალს, რომელიც თქვენს ნათქვამსაც შეესაბამება, მაჟორიტარებისაც და ყველას ინტერესებს. ამის ნაცვლად გადასვლა იმ სიბრტყეში, რომ ვინც კარგი ბიჭები და გოგოები იქნებით და სათანადოდ გაემიჯნებით „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენ კონკურენტებს არ დაგიწესებთ, ეს არის ფოჩიანი კანფეტებით ვაჭრობის მცდელობა, თან ისე, რომ ფოჩებიც ვერ გაუკეთეს წესიერად, რადგან თუ ვინმე ამ ქვეყანაში „ოცნებას“ აკრიტიკებს, ეგრევე „ნაციონალური მოძრაობის“ იარლიყს აწებებენ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ეს საუბრის სახელისუფლო სტანდარტი არ არის.
„ჩვენ სამართლიან არჩევნებზე და სამართლიან კონკურენციაზე ვსაუბრობთ და არა იმაზე, რომ – ბიძინა ივანიშვილო, იქნებ მე ან სხვებს რამე ისეთივე მოგვიკვარახჭინო, რაც სალომე ზურაბიშვილს მოუკვარახჭინე მთაწმინდის ოლქში თავის დროზე, მერე საპრეზიდენტო არჩევნებში და ასე ვიღაც სადღაც გაამწესე. ჩვენ გვინდა სამართლიანი, ვაჟკაცური შეჯიბრი, რომელსაც გამარჯვებული ჰყავს. რაზე გველაპარაკება ხალხი, რომელსაც ქვეყანა აბარია“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
„შენების მოძრაობის“ ლიდერის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დასასრული გარდაუვალია.
„ოცნების“ სახელისუფლებო დასასრული გარდაუვალია. ჩვენ, ოპოზიცია აქ რომ ვსხედვართ და ერთად ვითხოვთ პროპორციულ არჩევნებს, პარალელურ რეჟიმში თითოეული ჩვენგანი ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, რომელსაც ხელისუფლება ჩაატარებს. ამიტომ, ასე არ გამოუვა ოცნებას, თუ ჰგონია რომ ამ მოთხოვნებს არ შეასრულებს და ამით ოპოზიციას დაასუსტებს. პირიქით, მიიღებს უფრო მძლავრ ოპოზიციას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
„ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თემა დახურულია და 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა. ამასთან, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არ დააყენებს თავის კანდიდატებს იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების რეალური შანსი“.
ამასთან, ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი საარჩევნო მოდელი შეიმუშავეს, რომელიც მათი ინფორმაციით, მზად არის პარლამენტში ინიცირებისთვის. „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განმარტებით, მათ მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემის მოდელი სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, გამოხატავს საზოგადოებრივ აზრს და უპირატესობა აქვს პროპორციულ სისტემას, ეფუძნება გერმანულ მოდელს, მაგრამ ითვალისწინებს საქართველოს რეალობას. ახალი მოდელით, პროპორციულად ნაწილდება ხმები არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის, მაგრამ შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა, თუმცა საუბარია მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე.