დავით უსუფაშვილი - ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას, ხელისუფლებას არ მივცემთ საშუალებას, კრიტიკულ საკითხებზე რეაქცია არ გვქონდეს
პარტია „ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებენ, თუმცა ეს არ ნიშნავს პარლამენტის დატოვებას.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას არ მისცემენ საშუალებას, კრიტიკულ საკითხებზე რეაქცია არ გამოხატონ.
„ბოიკოტი არის პლენარულ სხდომებში მონაწილეობაზე უარის თქმა, რაც შეიძლება გავრცელდეს კომიტეტებსა და სხვა აქტივობებზე. ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ პლენარულ სხდომებს, სადაც, საპარლამენტო მუშაობის გარდა, ხდება ყველაფერი – მანიპულაციები, პროცედურული დარღვევები. ბოიკოტი არ ნიშნავს პარლამენტიდან წასვლას. ხელისუფლებას არ მივცემთ საშუალებას, რომ კრიტიკულ საკითხებზე რეაქცია არ გვქონდეს. ვეტოს დაძლევა თავიანთი ხმებით შეუძლიათ, იქ ჩემი ყოფნა საჭირო არ არის. თუ მოვლენები სხვაგვარად განვითარდება, მზად ვართ, კრიტიკულ საკითხზე საპარლამენტო საქმიანობას დავუბრუნდეთ“, – განუცხადა დავით უსუფაშვილმა საქართველოს პირველ არხს.
„ლელომ“ ბოიკოტის შესახებ გუშინ განაცხადა. პარტიაში განაცხადეს, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური პროცესიდან არის გასული და ბოიკოტი არის ერთადერთი ლეგიტიმური გზა, რომლითაც რეჟიმს უნდა დაუპირისპირდნენ.