დავით უსუფაშვილი - საქართველოსადმი კრიტიკულად განწყობილთა მიმართ გზავნილი უნდა იყოს, მოგვეცით შესაძლებლობა, „ოცნება“ საარჩევნო გზით შევცვალოთ, ამისთვის აუცილებელია მიშელის ფორმატში დაბრუნება, რისკენაც გზას გახსნის კანდიდატის სტატუსი
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ლელოს“ პოზიციაა, რომ არსებული სირთულეების მიუხედავად, ევროკავშირმა საქართველოს უნდა მისცეს მაქსიმუმი, რაც ახლა შესაძლებელია – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა და არა მხოლოდ „ევროპის სახალხო პარტია“ (EPP), არამედ ევროპაში სხვა პოლიტიკური ჯგუფები, საქართველოში არსებული მოვლენების გამო, კრიტიკულად განეწყვნენ, რაც ძალიან ცუდია.
დავით უსუფაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს შარლ მიშელის დოკუმენტს, რათა არსებული ვითარება შემსუბუქდეს.
„ქართველ ხალხს მოვუწოდებთ, ევროპული მომავლისთვის ბრძოლით არც ერთხელ არ დავიღალოთ, რადგან ეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ტოლფასია. პრობლემები თვალსაჩინოა. „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, მისი პირობები და მისდამი დამოკიდებულება გამხდარიყო ახალი თემა მსოფლიო დემოკრატიულ წრეებში. ასე არათუ პრეზიდენტებს და პოლიტიკოსებს, ადამიანებს არ ეპყრობიან, ასე პოლიტიკური ლიდერები არ ქილიკობენ საპატიმრო დაწესებულებებში მოთავსებულ ადამიანზე. ასეთ აგდებულ და ცინიკურ დამოკიდებულებას ცივილიზებული მსოფლიო აღარ ავლენს სუპერ მოძალადე დამნაშავეების მიმათაც კი. ამ ყველაფერმა გააჩინა პრობლემები და ბევრ რამეს ახლა ვიმკით.
უკრაინაში ომისა და ევროკავშირში განაცხადის გაგზავნის ფონზე, ძალიან ბევრი პოლიტიკური საკითხი სხვა ელფერით წარმოჩინდა. ის პრობლემები, რაც საქართველოს და „ქართულ ოცნებას“ აქვს, არის შეუქცევადი და „ქართული ოცნების“ მშვიდობიანი შეცვლის შემდეგ მოგვარდება. იმ ადამიანების მიმართ, ვინც საქართველოსადმი კრიტიკულად არის განწყობილი, დღეს ჩვენი გზავნილი უნდა იყოს, რომ მოგვეცით შესაძლებლობა, „ქართული ოცნება“ მშვიდობიანი საარჩევნო გზით ჩვენვე შევცვალოთ, მაგრამ ამისთვის აუცილებელია „ქართული ოცნების“ იძულება, შარლ მიშელის ფორმატში დაბრუნდეს, რისკენაც გზას გახსნის კანდიდატობის სტატუსის მიღება“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.