დავით უსუფაშვილი - არჩევნებზე მძაფრი კონკურენცია და ბრძოლაა, ყველა ადგილს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე საუბრობს.
„შენების მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, არჩევნებზე მძაფრი კონკურენცია და ბრძოლაა.
„ყველა ადგილს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს განაპირობებს არა მარტო ამ არჩევნების შედეგებს, არამედ იმას, ორშაბათიდან საქართველოში პოლიტიკური პროცესი რა დინამიკით წარიმართება – ჩვენ წავალთ გამოსავლის ძიებისკენ, თუ უფრო ღრმად ჩავეფლობით ჭაობში, გავაგრძელებთ სვლას მეტი კონფრონტაციისკენ, თუ დავიწყებთ პრობლემების მოგვარებას.
არის დარღვევები. სამწუხაროდ ვერ მოვიშორეთ ეს მუდმივი ჭირი ამქვეყნის, როდესაც თანამდებობის პირები, საჯარო სამსახურის ხელმძღვანელები არიან ჩართული ამ პროცესში, იყენებენ ადმინისტრაციულ რესურს. ვნახეთ უამრავი ფურცელი, ეს სამარცხვინო თემები, მაგრამ იმედი მაქვს ჩვენი ამომრჩევლის, რომ კაბინაში ის თავისი გონებისა და გულის კარნახით გააკეთებს არჩევანს“,- განაცხადა უსუფაშვილმა.
საპრეზიდენტო კანდიდატი მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩენილი დრო გამოიყენონ და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.
„თქვენი ხმა არის გადამწყვეტი და იქნება გადამწყვეტი. აქტიურობა არაუშავს, თუმცა მეტი შეგვიძლია და ამ ბოლო ორი საათის იმედი გვაქვს“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, მეორე ტური გარდაუვალია.
„თუმცა ვინ იქნება მეორე ტურში, ეს არანაირად არ არის ცხადი. ახლავე მოგახსენებთ, რომ ეგზიტპოლებზე დაყრდნობით ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე კომენტარის გაკეთებას – არც ზეიმს, არც გლოვას, რადგან ეს არის გაგრძელება იმ სოციოლოგიური კვლევების ომის, როდესაც ერთი დღის განმავლობაში სამ-ოთხ ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავ შედეგს ვხედავდით“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.