დავით უსუფაშვილი - არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქმე გვაქვს ბოროტმოქმედებასთან, საუბარია ინფორმაციაზე, რის მოსაპოვებლადაც არ მგონია, რუსებს ფულის გაღება დასჭირდეთ
არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქმე გვაქვს რამე ბოროტმოქმედებასთან, აქ საუბარია ინფორმაციაზეც, რომლის მოსაპოვებლად არ მგონია, რუსებს ფულის გაღება დასჭირდეს, თუ უნდა, ამას ბევრი სხვა საშუალებითაც მიიღებს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა ნიკა მელიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
უსუფაშვილმა კომენტარი გააკეთა მელიას განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ „ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა ინფორმაცია ქართველ მებრძოლზე, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა“.
უსუფაშვილის განცხადებით, არ ჰგონია, რომ „ამ კონკრეტულ შემთხვევას რაიმე შორსმიმავალი დასკვნების პოტენციალი აქვს“.
„ამიტომ, ვინც ეს ინფორმაცია მოიპოვა ან გაანალიზა, ალბათ ისინი უკეთ განაცხადებენ. მე არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ აქ საქმე გვაქვს რამე ბოროტმოქმედებასთან და მით უმეტეს, მაღალი დონის ამბებთან, გაყიდვებთან და ასე შემდეგ. არ მრჩება ეს შთაბეჭდილება ბევრი რამის გამო. მათ შორის იმის გამოც, რომ აქ საუბარია ინფორმაციაზეც, რომლის მოსაპოვებლად არ მგონია, რუსებს რამე ფულის გაღება დასჭირდეთ. თუ უნდა, ამას ბევრი სხვა საშუალებითაც მიიღებს. სამწუხაროდ, ასეთ ეპოქაში ვცხოვრობთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს მთავრობის სტრატკომმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ნიკა მელიას განცხადება, თითქოს თავდაცვის სამინისტროს არქივის ინფორმაცია გადაეცა ოკუპანტს, გაკოტრებული ლიდერის მოგონილი კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ცილისწამებაა, რაც მმართველი გუნდის დისკრედიტაციას ემსახურება“.
ამასთან, განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომაც. სამინისტროს განცხადებით, „სამხედრო მოსამსახურის დათხოვნის შემდეგ, პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება, მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს, პოლიტიკურ ლიდერებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან“.