დავით უსუფაშვილი - ანგელა მერკელი გამოირჩევა ფრთხილი პოზიციებით, როდესაც საქმე ეხება რუსეთთან ურთიერთობას, დეოკუპაციასა და საერთაშორისო წესრიგის დამყარებას
გერმანია და თავად მერკელი გამოირჩევიან ზომიერი, ფრთხილი პოზიციებით, როდესაც საკითხი ეხება ისეთ სერიოზულ და ფეთქებად საშიშ თემებს, როგორიცაა რუსეთთან ურთიერთობა, დეოკუპაცია, საერთაშორისო წესრიგის დამყარება, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გერმანია არის საქართველოს სტრატეგიული ინტერესების შესაბამისად მოქმედი ქვეყანა და აღნიშნა, რომ ასევე ხელისშემწყობი ქვეყანაა ნატო-ში გაწევრიანების პროცესში.
„ანგელა მერკელმა თქვა ის, რაც მოსალოდნელი იყო. სამწუხაროდ, არც მეტი და საბედნიეროდ, არც ნაკლები, ვინაიდან, გერმანია და თავად მერკელი გამოირჩევიან ზომიერი, ფრთხილი პოზიციებით, როდესაც საკითხი ეხება ისეთ სერიოზულ და ფეთქებად საშიშ თემებს, როგორიცაა რუსეთთან ურთიერთობა, დეოკუპაცია, საერთაშორისო წესრიგის დამყარება. ამ საკითხში გერმანია ყოველთვის ფრთხილი პოზიციებით გამოირჩევა. მერკელის მიერ საქართველოს დატოვების შემდეგ, ჩვენს მოქალაქეებს თითქოს გაუჩნდათ განცდა – რა ჩამოიტანა ან ამით რა გამოვიდა? ყველას მინდა მივმართო, რომ გერმანია არის საქართველოს სტრატეგიული ინტერესების შესაბამისად მოქმედი ქვეყანა. ტერიტორიული მთლიანობა უპირობოდ არის აღიარებული ევროკავშირში ინტეგრირების საკითხში. გერმანია არის ხელისშემწყობი ქვეყანა ნატო-ში გაწევრიანების პროცესში, ოღონდ მათ აქვთ უფრო მეტი სიფრთხილე, ვიდრე ზოგიერთ ჩვენს სხვა მეგობარ სახელმწიფოს“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
„შენების მოძრაობის“ ლიდერმა ვიზიტის შეფასებისას ხაზი გაუსვა ანგელა მერკელის მიერ სიტყვა „ოკუპაციის“ გამოყენებასაც.
„საერთაშორისო ურთიერთობებში ძალიან დიდი დატვირთვა აქვს არა მხოლოდ სიტყვებს, არამედ ამ სიტყვების წარმოთქმის ადგილსა და ფორმატს. უნივერსიტეტში სტუდენტებთან საუბრისას მან მეტი თავისუფლება მისცა საკუთარ თავს, რადგან აქ უფრო გახსნილი და არაოფიციალურ-პოლიტიკური საუბარი იყო. როდესაც ტრიბუნასთან ოფიციალურ განცხადებებს აკეთებდა, მან ეს სიტყვა არ გამოიყენა. აქაც მგონი, ყველაფერი ნათელია სხვადასხვა ტერმინით, მაგრამ საქართველოსთან გერმანიაც მეგობრობს, ბრიტანეთიც, ამერიკის შეერთებული შტატებიც, მათი ენთუზიაზმი და რისკზე წასვლის სურვილი საქართველოს გამო, სხვადასხვაა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.