დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ გამოსავალი პროპორციულ სისტემაშია, რომელზეც ხელისუფლებამ უარი თქვა და ქვეყანა განსაცდელში შეიყვანა
„შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან პროპორციულ სისტემაშია, რომელზეც ხელისუფლებამ უარი თქვა და ქვეყანა განსაცდელში შეიყვანა. უსუფაშვილი ამბობს, რომ ახლა უკვე ოპოზიცია ცდილობს, იპოვოს გამოსავალი და ხელისუფლებას გერმანული მოდელის იმგვარ ვერსიას სთავაზობს, რომელიც კონსტიტუციასთანაც შესაბამისობაშია და მაჟორიტარების მოთხოვნასაც აკმაყოფილებს.
„ჩვენ ეს მოდელი იმიტომ შევიმუშავეთ, რომ კი არ გავჯიუტდით, მოიტა ის პროპორციული, რომელსაც დაგვპირდით, არამედ გავიგეთ, რომ გავეხვიეთ ამ შარში, რაღაცები ჩაიდინეთ და ახლა მოდით, გამოსავალი ვნახოთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა მმართველ გუნდსა და ოპოზციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორგი რაუნდის დაწყებამდე.
რაც შეეხება მოლოდინებს, უსუფაშვილი ამბობს, რომ მას ზომიერი მოლოდინები აქვს და კიდევ არაერთი შეხვედრა იქნება საჭირო იმისთვის, რომ პრობლემიდან გამოსავალი მოიძებნოს.
„ვხედავთ, რომ მეორე რაუნდი იმართება მოლაპარაკებების. ე.ი. ხელისუფლება დარწმუნდა, რომ პრობლემაა ქვეყანაში შექმნილი და მას სჭირდება გადაწყვეტა. ახლა ჩვენ ველით მათ წინადადებებს. ჩვენს წინადადებაზე მათ აჩემებული აქვთ, რომ კონსტიტუციური არ არის, თუმცა როცა ვამბობთ, ეს საკითხი გავარკვიოთ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, ამაზეც უარს ამბობენ, ამიტომ ამ შეხვედრაზე გაგრძელდება ეს პროცესი და მაქვს ზომიერი მოლოდინი. დღევანდელი შეხვედრით არაფერი დასრულდება. სამწუხაროდ, პრობლემა იმდენად ღრმა არის, რომ ამას დასჭირდება სერიოზული ძალისხმევა მოქალაქეების და პოლიტიკოსების მხრიდანაც“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.