დავით უსუფაშვილი - 30 წელია, ძალიან ახლოს ვარ ან თვალს ვადევნებ ქართულ პოლიტიკურ პროცესებს, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ვფიქრობდი, ბუბა კიკაბიძე იქნებოდა სიის პირველი ნომერი
პარტიები თავად იღებენ ტაქტიკურ, თუ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, შესაძლოა იმიტომ, რომ ბუბა კიკაბიძის მეშვეობით სხვა რაღაცის, თუ სხვა ვიღაცების დაფარვა იყოს ამოცანა, თუმცა ეს სხვა ვინმეები აქეთ-იქიდან იყურებიან და ყველას ვხედავთ, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძის დასახელებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„30 წელია, ძალიან ახლოს ვარ ან თვალს ვადევნებ ქართულ პოლიტიკურ პროცესებს, მაგრამ ვერ გეტყვით, ვფიქრობდი, რომ ბატონი ბუბა იქნებოდა სიის პირველი ნომერი. როდესაც ეს გავიგე, პირველი, რაც გამიჩნდა, სურვილი, მივალ სახლში და სიამოვნებით მოვისმენ მის სიმღერებს და შეიძლება, ერთი ფილმიც ვნახო, მაგალითად „არ დაიდარდო“. მე სხვა დამოკიდებულება ბატონი ბუბას მიმართ არ მაქვს და ვერ მექნება. რაც შეეხება პარტიის გადაწყვეტილებას, პარტიები თავად იღებენ ამ ტიპის ტაქტიკურ, თუ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, შესაძლოა, იმიტომ, რომ ბუბა კიკაბიძის მეშვეობით სხვა რაღაცის თუ სხვა ვიღაცების დაფარვა იყოს ამოცანა, თუმცა ეს სხვა ვინმეები აქეთ-იქიდან იყურებიან და ყველას ვხედავთ. „ლელოს“ სხვა მიდგომა ჰქონდა, „ლელომ“ წარადგინა სიის პირველი 30 ნომერი და ყველა მათგანი არის პოლიტიკაში სერიოზული გამოცდილების მქონე, ან პოლიტიკაში შემოსული საქმის საკეთებლად კონკრეტული მიმართულებით, კონკრეტული დარგის სპეციალისტი, კონკრეტულ საქმეში მიღწეული შედეგებით, რათა ჩვენ გვყავდეს კვალიფიციური პარლამენტარები და კვალიფიციური მთავრობა. სხვა პარტიები როგორ უყურებენ ასეთ თემებს, ამას ამომრჩეველი თავად გადაწყვეტს“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.