დავით თევზაძე - პრეზიდენტმა ხელი მოაწერა თავდაცვის კოდექსს, ვინაიდან ხარვეზების მიუხედავად, ის აწესრიგებს მნიშვნელოვან პრობლემას
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ახალ კოდექსს ხელი მოაწერა.
როგორც სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა, დავით თევზაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხარვეზების მიუხედავად, კოდექსი აწესრიგებს მნიშვნელოვან პრობლემას.
„საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა საქართველოს თავდაცვის კოდექსს, ვინაიდან, ხარვეზების მიუხედავად, ის აწესრიგებს საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ცნობილ და მნიშვნელოვან პრობლემას: ამიერიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურს წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან, რაც შეესაბამება სამხედრო სამსახურის არსს და ქვეყნის ინტერესს. ამით დასრულდება ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული, როდესაც სავალდებულო სამსახურის გავლა ახალგაზრდებს სხვადასხვა უწყებაში, ძირითადად, საყარაულო ჯიხურებში უწევდათ, რის გამოც მათი დამოკიდებულება ჯარის მიმართ საგრძნობლად უარყოფითი გახდა.
ამავე ტექსტში გარკვეულწილად მოწესრიგდა სასულიერო პირების მიერ ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის საკითხი, თუმცა სამხედრო ვალდებულების მოხდასთან დაკავშირებით საჭიროა მუშაობის გაგრძელება, რათა მეტად გათვალისწინებული იყოს კონფესიებს შორის სასურველი თანასწორობის პრინციპი“, – განაცხადა დავით თევზაძემ.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ მიუხედავად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა, ყოველწლიურად გასაწვევი მცირე რიცხობრივი კონტინგენტი ჯერ კიდევ არ ესატყვისება არც რეალურ დემოგრაფიულ მონაცემებს, არც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
„ასევე დამაფიქრებელია, მით უმეტეს არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომ თავდაცვის სისტემის გააზრებისას თავდაცვის კოდექსში ადგილი არ აღმოჩნდა საზღვაო თავდაცვის ძალებისთვის და საზღვაო სივრცეზე სტრატეგიული და ოპერატიული ამოცანების გადაწყვეტა საზღვაო პოლიციის იმედადაა დარჩენილი.
დაბოლოს, ეროვნული თავდაცვის საბჭოს თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილება და საქმიანობის წესი არ ესატყვისება იმ მოცემულობას, რომელიც დადგენილია კონსტიტუციით, რის გამოც გაურკვეველია კოორდინაცია დღეს მოქმედ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს შორის, რამაც საომარი მდგომარეობის მართვისას შეიძლება, მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას“, – დასძინა დავით თევზაძემ.