დავით თარხან-მოურავი - „პატრიოტთა ალიანსი“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც არასოდეს არავინ მოუტყუებია და რომელიც ყოველთვის სიმართლით მიდიოდა
სააკაშვილის ორბიტაზე მყოფი პარტიებისთვის საარჩევნო პროცესი სულ სამი პუნქტისგან შედგება, თან მესამე ახლა გაჩნდა, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „არჩევნები 2024“.
„ერთი პუნქტი იყო, თუ ჩვენ არ აგვირჩევთ, ევროკავშირში ვერ გაწევრიანდები და დაკარგავ ევროპა-ამერიკასო, მეორე კი ის იყო, ნუ ხარ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მონა. აი, სულ ეს ორი პუნქტი იყო. არანაირი არჩევნები არ მიმდინარეობს და არანაირი პოლიტიკური პროცესი არაა. მარტო ამ ორი პუნქტის პროპაგანდირებაა და ახლა გაჩნდა მესამე პუნქტი, რომელშიც მონაწილეობს პრეზიდენტიც, ჩაერთნენ ელჩებიც და ა.შ. ეს პუნქტი არის – ივანიშვილი ხელისუფლებას გადააბარებს ამათ. გუშინ ხაზარაძემაც განაცხადა, ვიყავით პრეზიდენტთან, მოხდება გადაბარება და გარანტიებზე ვლაპარაკობთო. მთელი საარჩევნო პროცესი ამ სამ პუნქტზე ტრიალებს. მე არანაირი პროგრამა არ მინახავს, არც ეკონომიკური და არც სხვა“, – განაცხადა თარხან-მოურავმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორია „პატრიოტთა ალიანსის“ პოზიცია დროებითი მთავრობის შესაძლო დაკომპლექტებაზე და თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდა, ვისთან განიხილავს პარტია თანამშრომლობას, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ მართალია, სააკაშვილის ორბიტაზე პოლიტიკური ძალები გაერთიანდა, მაგრამ ეს ორბიტა ერთიანი არ არის, მათ 50%-ზე მეტი არ აქვთ და რასაც ლაპარაკობენ, ეს არის უბრალოდ, ტყუილი.
„პარიორტთა ალიანსს“ და პატრიოტულ გაერთიანებას, სათითაოდ რომ ავიღოთ, ყველა მათგანზე მეტი პროცენტი გვაქვს და ყველა მათგანზე მეტი პროცენტი გვქონდა 2020 წლის არჩევნებშიც. ჩვენ ვართ საქართველოში ერთადერთი პარტია, რომელმაც ოთხჯერ გაავსო თავისუფლების მოედანი და ყველა ქალაქის მთავარი მოედანი საარჩევნო კამპანიაში. ჩვენი პროცენტები მოიპარეს და გადაუნაწილეს „გირჩს“ და რომელიღაც პარტიებს, რომლებმაც 0-0% აიღეს. ახლაც ასეთი სიტუაციაა. ჩვენ 2020 წელს ჩავატარეთ უპრეცედენტო კვლევა, რომელიც ვითომ არავის არ უნახავს. საქართველოს ისტორიაში არჩევნებზე არასდროს არ მისულა 2 150 000 კაცზე მეტი, ეს ისტორიული მაქსიმუმია. ჩვენ ჩავწერეთ 900 000 აუდიო ინტერვიუ და დავდეთ, გადავეცით ხელისუფლებას, ყველა სენატორს, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, ყველა ელჩს და ყველას, რომ დარწმუნებულიყვნენ და ყველა დარწმუნდა. სპეციალური კომისია შექმნეს, რომელმაც შეისწავლა ეს ჩანაწერები და ყველა ნამდვილი იყო, მაგრამ რა? ახლა რომ გამოდის პრემიერ-მინისტრი, მანამდე ღარიბაშვილი გამოდიოდა და ამბობდა, იქ 20% ჰქონდათ იმ პარტიებსო, ჩვენ 3% დაგვიწერეს, არადა, 20% რომ გვქონდა, იმ კვლევებში ჩანდა“, – განაცხადა თარხან-მოურავმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ამომრჩეველმა „პატრიოტთა ალიანსს“, დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც არასოდეს არავინ მოუტყუებია და არის ერთადერთი ძალა, რომელიც ყოველთვის სიმართლით მიდიოდა.
„რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, არიან მგლები, რომლებიც ცხვრის ქურქში არიან გახვეული და იძახიან, ჩვენ ამდენი და ამდენი პროცენტი გვაქვსო. პრეზიდენტი, რომელიც გარეთ უნდა იდგეს განდგომილად, სინამდვილეში, პოლიტიკურ პროცესში აქტიურად მონაწილეობს, რაც კონსტიტუციითაც არაა სწორი და მეორე მხრივ, არის „ქართული ოცნება“, რომელმაც ბევრჯერ მოგვატყუა, მათ შორის, არჩევნების თვალსაზრისითაც. თუ ჩვენ პარლამენტში შთამბეჭდავი რაოდენობით არ ვიქენით, აქ რევოლუცია მოხდება. ერთადერთი, ვინც სააკაშვილის რეჟიმი ჩამოაგდო და ვისაც შეუძლია, ბალანსი დაიცვას და ამ რევოლუციას აგვაცილოს, სწორედ ჩვენ ვართ. თან, ყოველთვის ასე იყო. ამ ოც წელიწადში ჩვენ გარდა ეს არავის არ გაუკეთებია და მომავალიც ასეთი იქნება“, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.