დავით თარხან-მოურავი - ჩვენს მიერ გამოკითხულთა 77 პროცენტს სამხედრო მიუმხრობლობა, შვეიცარია-ავსტრიის ნეიტრალიტეტის მოდელი სურს
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან აქციაზე საზოგადოებას მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო.
დავით თარხან-მოურავის განცხადებით, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში 212 000 ადამიანი გამოკითხეს, რომელთა 77-მა პროცენტმა დააფიქსირა, რომ სამხედრო მიუმხრობლობა სურს.
„აქ არის 212 000 ფურცელი, თითოეულ ამ ფურცელზე არის გამოკითხვა, ვის რა უნდა. 212 000 კაცი გამოვკითხეთ ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში და აქედან 77-მა პროცენტმა თქვა, რომ მას უნდა სამხედრო მიუმხრობლობა, უნდა შვეიცარია-ავსტრიის ნეიტრალიტეტის მოდელი“ ,- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
ამასთან, თარხან-მოურავმა პარტიული რეიტინგების შესახებ კვლევის შედეგებზეც ისაუბრა.
„ამ ფურცლებით გამოვიკითხეთ, რეალურად ვინ ენდობა „აირაის“, „ენდიაის“, 3.1 პროცენტი ენდობა მათ მხოლოდ, მეტი არავინ. 79 პროცენტი საერთოდ არ ენდობა, დანარჩენებმა უბრალოდ არ იციან, ვინ არიან ეს ორგანიზაციები. ესენი არიან სიცრუის მანქანები, რომლებიც მხოლოდ სააკაშვილზე და ბოკერიაზე მუშაობენ. ამ ქაღალდებში არის გამოკითხვა, ვს რა პროცენტი აქვს. ნახევარ პროცენტზე ნაკლები, 0.48 პროცენტი აქვს ბოკერიას, 6.3 პროცენტი სააკაშვილს, ორ-კაციანი პარტია რომ აქვს ნათელაშვილს, 0.2 პროცენტი. 30 პარტია გაერთიანდა სააკაშვილი-ბოკერიას ირგვლივ, ჯამში 8 პროცენტიც ძლივს არიან. მოსყიდულია ეს ყველაფერი, ეს არის დიდი კორუფცია“ ,- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.