დავით თარხან-მოურავი - ჩვენ არ დავთმობთ დავით გარეჯს, ეს არის საქართველო, გაიგოს ხელისუფლებამ, უკან დახევა არ იქნება
დავით გარეჯი ყოველთვის იყო საქართველო, ამ მხარეს ერქვა კახეთი, ეს არის კახეთი, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მის თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და პატივს სცემს მას.
„ჩვენ პატივს ვცემთ აზერბაიჯანს, გვინდა ძმობა, ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვიჩუქებით რამეს. დავით გარეჯი არის საქართველო. ჯერ სააკაშვილმა გაყიდა ეს ტერიტორიები. ხელში მიჭირავს ფურცელი, ეს არის 1995 წლის 13 ივნისის ოქმი, აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფო კომისიების. ოქმში პირდაპირ წერია, რომ საქართველო- აზერბაიჯანის საზღვარი უნდა დადგინდეს 1932 წლის რუკის შესაბამისად. ჩვენია ეს ტერიტორია, ჩვენსას არავის არ დავუთმობთ. ჯერ სააკაშვილი გამოდის 2007 წელს და გვეუბნება, რომ ალიევს შევხვდი და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი სტრატეგიული სიმაღლეები ჩავაბაროთო, ვინ არის სააკაშვილი, რომ სტრატეგიული სიმაღლეებს გადასცემს“, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.
მისი თქმით, ეს ქართველების სამშობლოა, რომლისთვისაც ათასობით ადამიანის სისხლი დაიღვარა.
„ეს არის ჩვენი სამშობლო, ათასობით ადამიანის სისხლი დაიღვარა, ამდენი საუკუნის განმავლობაში. ჩვენ შევიკრიბეთ, რომ გაიგოს ამ ხელისუფლებამ და იმ ხელისუფლებამ ბაქოში, მე ალიევის გონიერების იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ დავთმობთ დავით გარეჯს, ეს არის საქართველო და არამარტო დავით გარეჯს, არც ერთი კვადრატული მეტრი ტერიტორიისა არ იქნება დათმობილი. ეს ხელისუფლება ზუსტად იგივეს აკეთებს, ყიდის ტერიტორიებს. ამ ხელისუფლებამ ექვსი ჰექტარი მიწა თურქეთს აჩუქა და ამბობს, რომ არ უჩუქნია“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა.
მისი თქმით, უკან დახევა გამორიცხულია.
„უნდა გაიგოს ხელისუფლებამ, არავითარი უკან დახევა და დათმობა არ იქნება. არავის არ ვუთმობთ არაფერს“, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
თარხან მოურავმა ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი მოთხოვნის სამხედრო მიუმხრობლობის შესახებ ისაუბრა.
„სამხედრო მიუმხრობლობა არის ერთადერთი გზა მშვიდობის, ამიტომ არავითარი ბლოკები, არანაირი ბაზები, სამხედრო მიუმხრობლობა. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, არავითარ ტერიტორიებს არ ვაბარებთ, არავის არაფერს არ ვუთმობთ, დაისაჯოს სააკაშვილი, დაისაჯონ ბოკერიები, სამხედრო მიუმხრობლობა, თუ ამას არ იზამს ხელისუფლება, არ ვაპატიებთ არაფერს. სწორედ ეს სააკაშვილი და ბოკერიები ებრძოდნენ ყველაფერ ქართულს“, – განაცხადა თარხან-მოურავმა.
ამასთან, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის თქმით, ეკლესია იცავს ზნეობას და არავის აქვს უფლება, ეკლესიაზე ზეწოლა განახორციელოს.
„სად გაგონილა, ამ დღეებში, გუშინ, გუშინწინ, ყველა ელჩი ხვდება სამღვდელოებას, ეპისკოპოსებს და ეუბნებიან გინდა თუ არა გაჩუმდით, ხმას ნუ ამოიღებთ, რაღაც პრაიდი უნდათ ჩაატარონ. ეკლესია იცავს ზნეობას. ჩვენ გვწამს ღმერთის, ამიტომ არავის აქვს უფლება, არც ელჩს, არც არავის, რაიმე ზეწოლა განახორციელოს ეკლესიაზე. ჩვენ გვინდა ქართული ტრადიციები და ქართული აზროვნება. გვინდა რომ კაცმა კაცობაზე არ თქვას უარი და მანდილოსანმა მანდილზე“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა.
მისი თქმით, სააკაშვილის ლოზუნგი იყო „არა სამშობლო“, თარხან-მოურავის შეფასებით, სამშობლოსთვის არც მოქმედი ხელისუფლება იღწვის.
„სააკაშვილის ლოზინგები გახსოვთ, მისი ლოზუნგი იყო „არა სამშობლო“ და ეს ხელისუფლება რა სამშობლოსთვის იღწვის? სააკაშვილის ლოზუნგი იყო „არა რწმენა“ და ეს ხელისუფლება ეკლესიას იცავს? სააკაშვილის ლოზუნგი იყო „არა ეროვნება“, ქართულს რას იცავს ეს ხელისუფლება? სააკაშვილის ლოზუნგი იყო „არა სქესი“. ჩვენ პირიქით – კი სამშობლო, კი ეროვნება, თავდადება სამშობლოსთვის, რწმენისადმი ერთგულება, ყოველივე ქართულის პატივისცემა, კი ქართულ ტრადიციებს“, – აღნიშნა თარხან მოურავმა.
მისი თქმით, დავით გარეჯი საქართველოა და მისი დათმობა არ მოხდება.
„კიდევ ერთხელ გაიგოს ხელისუფლებამ – დავით გარეჯი საქართველოა და არ ვთმობთ საზღვრებს, მეორე – დაისაჯონ სააკაშვილები, ბოკერიები, ყველა დაისაჯოს, მესამე – სამხედრო მიუმხრობლობა“, – განაცხადა აქციაზე გამოსვლისას „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა.
თბილისში, თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსმა“ დავით გარეჯის თემაზე აქცია გამართა.