დავით სონღულაშვილი - სწორი რეფორმების გატარებით, რაც მეტწილად ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებითაა განსაზღვრული, პარლამენტი, მთავრობა ზედმიწევნით ასრულებენ ყველა პირობას
სწორი და თანმიმდევრული რეფორმების გატარებით, რომელიც მეტწილად ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით არის განსაზღვრული, პარლამენტი, მთავრობა, შესაბამისი სამინისტროები ზედმიწევნით ზუსტად და შესაბამისი ვადების მიხედვით ასრულებენ ყველა გაცემულ პირობას, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში მოისმინეს.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სწორი და თანმიმდევრული რეფორმების გატარების შედეგად საგზაო, ურბანული, სასოფლო, აგრარული, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარება უფრო მობილურს გახდის ადამიანებისა და ტვირთების გადაადგილებას, მოსავლის დაბინავებისა თუ მისი რეალიზაციის მეტ შესაძლებლობას მიცემს მოსახლეობასა და ფერმერებს.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, „ფაინენშელ თაიმსის“ ჯგუფის წევრმა სარეიტინგო კომპანიამ, „ეფ-დი-აიინტელიჯენსმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საქართველო მსოფლიოს 76 ქვეყანას შორის მე-5 ადგილს იკავებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით.
„მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი ადასტურებენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2021-2022 წლებში მშპ-ს ორნიშნა ზრდა გვქონდა. ისევ პირველ ათეულში ვართ მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგით და 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილს ვიკავებთ“, – აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მან ყურადღება გაამახვილა ახალი თბოელექტროსადგურის, „გარდაბანი 3“-ის მშენებლობაზე, რომელიც ყველაზე დიდი სიმძლავრის თბოსადგური იქნება საქართველოში.
ასევე, ისაუბრა „შავი ზღვის ელექტროკაბელის“ პროექტის შესახებ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე, საქართველოზე გამავალი ყაზახური და ცენტრალური აზიის ტვირთების მარშრუტის თაობაზე, რომელმაც მაქსიმალურად გაზარდა საქართველოს რკინიგზისა და პორტების შემოსავალი და მოგება.
მისი თქმით, განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტები ხორციელდება ქვეყნისა და მოსახლეობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ევროპის ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისთვის.