დავით სონღულაშვილი - სტრასბურგში რეზოლუციის ჩავარდნა, რაც ძალიან უხარია ოპოზიციას, არ არის რომელიმე პარტიის წარუმატებლობა, ეს არის ქვეყნის წარუმატებლობა
სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.
როგორც სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რეზოლუციის ჩავარდნა ოპოზიციის ძალისხმევის შედეგია და მათი ქმედებები ანტისახელმწიფოებრივია.
„ძალიან სამწუხაროა, რომ საბოლოო რეზოლუცია მხარდაჭერილი არ იყო. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში განიხილება როგორც წარმატებები, ასევე ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები. ერთი რამ, რაც პრინციპული და მნიშვნელოვანია და რაც ძალიან უხარია ოპოზიციას – დღევანდელი რეზოლუციის ჩავარდნა, ეს არ არის რომელიმე პარტიის წარუმატებლობა, ეს არის ქვეყნის წარუმატებლობა. ის ძალისხმევა, რომელსაც ოპოზიცია ქვეყნის „გაშავებისთვის“ და ქვეყნის უკანსვლისთვის ხარჯავს, ანტისახელმწიფოებრივია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა გიგი უგულავას პატიმრობას შეეხებოდა, რასთან დაკავშირებითაც მმართველმა პარტიამ ევროპარლამენტარებს საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისიის გამოგზავნა შესთავაზა.
„ევროპარლამენტარები მზად არიან, ჩამოვიდნენ ამ მისიის ფარგლებში, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.