დავით სონღულაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, მთლიან რეგიონთან შედარებით, ერთ-ერთი ლიდერები ვართ
დავით სონღულაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, მთლიან რეგიონთან შედარებით, ერთ-ერთი ლიდერები ვართ

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მეორე კვარტლის შედეგები მნიშვნელოვანია.

მისი განცხადებით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ორი პარამეტრი: შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის 9,4%-იანი ზრდა და 34.3 პროცენტით გაზრდილი რეინვესტირების მაჩვენებელი.

„ამ უკანასკნელის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 45.9 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 8.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას და მომავალში აუცილებლად აისახება ეკონომიკურ ზრდაში. აღნიშნული ტენდენციები თუ გაგრძელდა, მით უმეტეს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესების ფონზე, ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს”, – აცხადებს დავით სონღულაშვილი.

მისი ინფორმაციით, ინვესტიციების ზრდა რეალურ სექტორში ნიშნავს, რომ უცხოური ინვესტიციები არ არის განხორციელებული ერთი კონკრეტული მიმართულებით და სხვადასხვა სექტორში განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეადგინა აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი.

„მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მთლიან რეგიონთან შედარებით, ერთ-ერთი ლიდერები ვართ. საქართველოს მთავრობა მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მუშაობას საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესების, ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით. მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის საგადასახადო, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი რეფორმები, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან და საგარეო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასთან ერთად კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას”, – აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი დავით სონღულაშვილი.

2018 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში 389 მილიონის დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. საქსტატის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 9.4 პროცენტით აღემატება. ყველაზე მეტი ინვესტიცია აზერბაიჯანიდან შემოვიდა – 80,5 მილიონი დოლარი, მეორე ადგილზე  ჩეხეთია – 77,9 მილიონი დოლარით, ხოლო მესამე ადგილზე ნიდერლანდები – 65,3 მილიონი დოლარით.