დავით სონღულაშვილი - გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი, ვეცდებით, თითოეულ საკითხზე ადამიანებს გვერდით დავუდგეთ
დარწმუნებული ვიყავი გამარჯვებაში, რადგან საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არის და შედეგიც შესაბამისია, – ამის შესახებ კახეთის მეცხრე ოლქში „ქართული ოცნების“ გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა.
სონღულაშვილმა ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველა იმ ამომრჩეველს, რომელიც მხარში დამიდგა, სჯერა ჩემი, სჯერა იმ განვითარების, დამატებითი პროექტის, რომელიც ამ საარჩევნო ოლქში და მთლიანად საქართველოში იქნება, რასაც დაუჭირა მხარი. ცხადია, ვიქნები ამ ოლქის თითოეული ადამიანის მაჟორიტარი და ყველანაირად ვეცდებით თითოეულ საკითხზე და პრობლემაზე თითოეულ ადამიანს გვერდით დავუდგეთ. როგორც გუშინ აღვნიშნე, დარწმუნებული ვიყავი ამ გამარჯვებაში, რადაგან საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არის და შედეგიც შესაბამისია.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავი ხომ რაღაცით უნდა გაიმართლონ, შესაბამისად შედეგი არის მარტივი, თუნდაც ყველა ის კვლევა აჩვენებდა, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდით. აქედან გამომდინარე, მოლოდინიც და გადაწყვეტილებაც შესაბამისი იყო და ყველა კვლევით, პირველივე ტურში გავიმარჯვე და შედეგიც ეს არის“, – განაცხადა სონღულაშვილამ.