დავით სერგეენკო - ვითარება შეცვლილია და ვფიქრობ, ევროკავშირი პოზიტიურ, სწრაფ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით
შეძრული ვარ იმით, რაც უკრაინაში ხდება. ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ორ მილიონზე მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან, – ამის შესახებ საქართველო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, წარმოუდგენელი ამბები ხდება. ბევრი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა და სიცოცხლე გადაერჩინათ.
„იმდენად წარმოუდგენელია, რომ რაღაც რაციონალურის დანახვა მიჭირს. ეს ყველაფერი მიუღებელი და წარმოუდგენელია. ვფიქრობ, აგრესორი გარკვეული ფორმით გონს მოეგება და ეს საშინელება ჩაცხრება, რაც უკრაინაში ხდება. რაიმე რაციონალურის თქმა გამიჭირდება, რადგან ჩემში ემოციები ჭარბობს. უკრაინის ყველა მოქალაქის მიმართ, ვინც საქართველოშია, ჰუმანიტარული თვალსაზრისით დახმარება იქნება. პოლონეთში, რუმინეთსა და მოლდოვაში ვინც იმყოფება, მათთან კომუნიკაცია გვაქვს და საქართველოში მათი გადმოყვანა ჯერ ტექნიკური საკითხების გამო გართულებულია, თუმცა ამის მზადყოფნა გვაქვს და თუ აქ ჩამოვლენ, მაქსიმალურ მხარდაჭერას გავუწევთ. ომი, რომელიც ახლა უკრაინაში მიდის, ბევრ რამეს შეცვლის მომავალში და უკვე ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ევროპის ქვეყნების დამოკიდებულება, რომელთაც ცალსახად განაცხადეს, რომ 2008 წელს საქართველოში რუსეთის აგრესიის შეჩერება მათგან უფრო მეტად რომ ყოფილიყო მხარდაჭერილი, შესაძლოა ის არ მომხდარიყო, რაც ახლა ხდება. ვითარება შეცვლილია და ვფიქრობ, ევროკავშირი პოზიტიურ და სწრაფ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით.