დავით სერგეენკო - უკვე მართლა ზედმეტია, რაც ხდება, არის მცდელობა, რომ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება ქუჩაში გადაწყდეს
ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება, ამას ვერავის ავუკრძალავ, მაგრამ ღრმად მჯერა, რომ ასეთ საკითხებზე მსჯელობა, გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკურ ინსტიტუციებში უნდა იყოს და არა ქუჩაში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
სერგეენკომ აღნიშნული კომენტარი გააკეთა დღეისთვის, 16 ივნისისთვის დაგეგმილ აქციაზე საუბრისას.
ამასთან, როგორც დავით სერგეენკო ამბობს, არასწორი ფორმულირებაა აქცენტის გაკეთება იმაზე, რომ უახლოეს დღეებში ქვეყანა კანდიდატის სტატუსს თუ ვერ მიიღებს, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება.
„უკვე მართლა ზედმეტია, რაც ხდება. არის მცდელობა, რომ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება, რომელიც პოლიტიკურმა ინსტიტუციებმა საზოგადოებასთან ანგარიშგებით უნდა გადაწყვიტონ, ქუჩაში გადაწყდეს, რაც ცალსახად არასწორი მგონია. არასწორი ფორმულირებაა აქცენტირება იმაზე, რომ უახლოეს დღეებში კანდიდატის სტატუსს თუ ვერ მივიღებთ, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ეს ჩვენი არჩევანია და ამ გზაზე უნდა ვიაროთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
სერგეენკო იმედოვნებს, რომ სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
„სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინი პოზიტიური მაქვს, მაგრამ თუკი რაიმე მიზეზით რაღაც სხვა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, არ ვუშვებ იმას, რომ ევროპული მიმართულებით სვლაზე ხელი უნდა ავიღოთ. არა, უფრო ინტენსიურად უნდა ვიაროთ“, – აღნიშნა სერგეენკომ.