დავით სერგეენკო - დოკუმენტი არის ოპტიმალური და იმაზე დავა, რატომ არ იწერება რუსეთი, დროის კარგვა მგონია, უკრაინა არავისზე ნაკლებად არ მიყვარს, თუ უფრო მეტად არა
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, რეზოლუციის პროექტი, რომელიც უკრაინასთან მიმართებაში შემუშავდა, ოპტიმალურია.
მისი თქმით, აღნიშნული პროცესიდან შედეგია მთავარი, რომ საქართველოს პარლამენტი მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს მეგობარი ქვეყნის მიმართ.
„ნებისმიერ საქმეში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამოცანა პოტენციური საფრთხეების განეიტრალება არის, ეს პაციენტის მკურნალობაა, რეგიონული თუ ქვეყნის უსაფრთხოება, ყოველთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს შედეგზე ორიენტირებული და არა ამ შედეგისკენ მიმავალ გზაზე, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ შედეგია ის, რომ საქართველოს პარლამენტმა რეზოლუციის სახით მიიღოს მეგობარი ქვეყნის მხარდამჭერი აქტი. რა ტერმინოლოგია იქნება გამოყენებული, ამაზე საგარეო ურთიერთობების სპეციალისტები, დიპლომატები ისაუბრებენ, გაწერენ. მათ ჩამოაყალიბეს ის, რაც ჩემი აზრით, ოპტიმალურია. სიტყვათა წყობაზე გამოკიდება იმას ნიშნავს, რომ შედეგიდან პროცესზე გადავდივართ, რაც კარგად არასდროს დასრულდება, შედეგია მთავარი. საქართველოს პარლამენტი მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს მეგობარი ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა სერგეენკომ.
დავით სერგეენკოს განცხადებით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სიტყვათა წყობაზე უსაგნო კამათი, მიმდინარე პროცესებს მით უფრო დააზიანებს.
„ძალიან მძიმე შედეგები მივიღეთ, როცა პოლიტიკოსები და კარიერის მოყვარულები ცდილობდნენ, რომ ჩართულიყვნენ, მაგალითად, კლინიკურ მედიცინაში, ეპიდემიოლოგიაში. რეზოლუციის და დოკუმენტის შედგენას სპეციალური ცოდნა სჭირდება საგარეო ურთიერთობისა და დიპლომატიური ენის. არსებული დოკუმენტი არის ოპტიმალური და ახლა იმაზე დავა, რატომ არ იწერება რუსეთი, ეს დროის კარგვა მგონია. უკრაინა არავისზე ნაკლებად არ მიყვარს, თუ უფრო მეტად არა. საჭირო არ არის ასეთ პროცესებსა და დეტალებზე ორიენტირება, ეს არის ჩემი გულწრფელი აზრი. რაც უფრო დიდი ხანი გაგრძელდება სიტყვათა წყობაზე უსაგნო კამათი, მიმდინარე პროცესებს მით უფრო დააზიანებს“, – განაცხადა სერგეენკომ.