დავით სერგეენკო - შშმ პირებისთვის სტატუსის მინიჭების მოდელი მომავალი წლის დასაწყისიდან შეიცვლება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სტატუსის მინიჭების სამედიცინო მოდელი საჭიროებაზე დაფუძნებული მოდელით მომავალი წლის დასაწყისიდან შეიცვლება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში ჯამური ბიუჯეტი, რომელიც შშმ პირების მხარდაჭერისკენაა მიმართული, გასამმაგდა, თუმცა სერვისები ცალსახად არ არის საკმარისი.
„როგორც ყოველთვის, ამ საკითხსაც ორი მხარე აქვს – რაოდენობრივი და თვისებრივი. რაოდენობრივს რაც შეეხება, ბოლო წლების განმავლობაში ჯამური ბიუჯეტი, რომელიც მიმართულია შშმ პირების მხარდაჭერისკენ, თითქმის გასამმაგებულია. რაც შეეხება თვისებრივს, თვისებრივად ახლა მთავარი ამოცანაა, რომ შშმ სტატუსის მინიჭების სამედიცინო მოდელი შეიცვალოს საჭიროებაზე დაფუძნებულ მოდელზეც, რომლის პილოტირება უკვე მიმდინარეობს. ვფიქრობ, უახლოეს თვეებში, ან მომავალი წლის დასაწყისში, ამ მოდელზე გადასვლა შესაძლებელი იქნება. სერვისები საკმარისი ცალსახად არ არის, მაგრამ ვეცადე, ხაზი გამესვა ამ წლების დინამიკაზე. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავკმაყოფილდით მიღებული შედეგით. უნდა გაგრძელდეს ამ მხრივ მუშაობა, მაგრამ არსებული ბიუჯეტის ფარგლებში რაოდენობრივად ეს თითქმის გასამმაგებულია ბოლო წლების განმავლობაში და თვისებრივ რეფორმაზე, საჭიროებებზე დაფუძნებულ მოდელზეც უკვე აქტიური მუშაობა მიდის“, – განაცხადა სერგეენკომ.