დავით სერგეენკო - შენობაში ძალისმიერი შეჭრა არ არის გამოსავალი და ამას შედეგი არ ექნება
დავით სერგეენკო - შენობაში ძალისმიერი შეჭრა არ არის გამოსავალი და ამას შედეგი არ ექნება

შენობაში ძალისმიერი შეჭრა მართლა არ არის გამოსავალი, ეს არ არის ის გზა, რომლის მიხედვითაც ადამიანები საცხოვრებლით დაკმაყოფილდებიან, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „დირსში“ დევნილების შეჭრასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„ერთადერთი გზა არის ის რიგითობა, რომლის დაცვის ვალდებულებაც ჩვენ გვაქვს. სხვანაირად, ერთ ჯერზე ორი მილიარდი დოლარი უბრალოდ არ გვაქვს ამისთვის. რიგითობა უნდა იყოს შეთანხმებული დევნილთა საზოგადოებასთან. ახლა კონკრეტული პრობლემა არის ის, რომ დევნილების ნაწილს არ აკმაყოფილებს მეთოდოლოგია. რამდენჯერმე შევხდით მათ და ერთობლივად ვამუშავებთ ამ საკითხს. ძალადობრივ გზას გამოსავალი და შედეგი არ ექნება“,- განაცხადა სერგეენკომ.

დირსის“ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დევნილთა ნაწილი ისევ რჩება. დევნილები შენობის დატოვებას არ აპირებენ, ვიდრე ჯანდაცვის სამინისტროსგან კონკრეტულ გარანტიას არ მიიღებენ, რომ ახლო მომავალში საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილებენ. როგორც იძულებით გადაადგილებული პირები აცხადებენ, საცხოვრებელი კომპლექსის ერთ-ერთ კორპუსში შეჭრილთა ნაწილი უკვე მეექვსე დღეა, შიმშილობს.