დავით სერგეენკო - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საშუალებით სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საშუალებით, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი თანხის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, – ამის შესახებ სერგეენკომ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა განაპირობებს მედიკამენტებზე ფასების მნიშვნელოვან ზრდას და რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო, რათა მოსახლეობას წამალში გადახდილი ფასის ტვირთი შეუმსუბუქდეს, დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამ ორ ფაქტორზე ზემოქმედებას აპირებს.
„ფარმაინდუსტრიის 100% საქართველოში კერძოა და მათ ფასებზე ზღვარს ვერ დავუწესებთ, რადგან ამას თავისი უკუშედეგები მოყვება, მაგრამ შარშან დაწყებულმა პროექტმა გვაჩვენა, რომ ფასნამატის რესურსი აშკარად არსებობს. ჩვენ მიერ პროგრამისთვის შესყიდული მედიკამენტები საშუალოდ, 150%–ით უფრო იაფია, ვიდრე მათი საცალო ფასი. შარშან დაწყებულმა პროექტმა ასევე გვაჩვენა კერძო ინდუსტრიის მზაობა, რომ მათ დამატებითი ინსტრუმენტი, მწარმოებელთან მოლაპარაკება გამოიყენონ. ამის ბრწყინვალე მაგალითია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, როდესაც მწარმოებელი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში როგორც პარტნიორი, ისე შემოვიდა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისი თქმით, შესაძლებლობა ჩნდება, გაიზარდოს მედიკამენტების ჩამონათვალი და თუ აქამდე პროგრამა ქრონიკულ დაავადებებს ფარავდა, ახლა უკვე ქრონიკული დაავადებების უმეტესობას დაფარავს.
„თუ მოსარგებლეები მხოლოდ 100 000–ზე ნაკლები ქულის მქონენი იყვნენ, ახლა მათ უკვე პენსიონერები და შშმ პირები დაემატება, მაგრამ, ალბათ, პარამეტრები საშუალებას არ მოგვცემს, მედიკამენტები მათაც სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მივცეთ. ისინი დაახლოებით, ნახევარ ფასს გადაიხდიან“, – განაცხადა სერგეენკომ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა არის ჯანდაცვის მინისტრისთვის პრიორიტეტული საკითხები, დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ეს არის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვა და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ჯანდაცვის სისტემის გამოწვევა ამბულატორიული მედიკამენტებით პაციენტების უზრუნველყოფაა.
„როდესაც ადამიანი მკურნალობას საავადმყოფოში გადის, მედიკამენტები სახელმწიფო პროგრამებით, ან კერძო დაზღვევებით იფარება, მაგრამ როცა მათ დახმარების მიღება ბინაზე სჭირდებათ, ეს უკვე სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობისთვის სერიოზული ბარიერია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.