დავით სერგეენკო - სამინისტროების გაერთიანების შემდეგ ერთეული შემცირებები იქნება
საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მის უწყებასთან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შეერთებაზე ისაუბრა.
როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, სოციალური პოლიტიკის შემუშავება, მხარდაჭერა, ქულების გენერირება, დახმარებების ადმინისტრირება ლტოლვილთა სამინისტროდან ჯანდაცვის სამინისტროში გადადის.
„დევნილთა სამინისტროს დღევანდელი ფუნქციებიდან ინფრასტრუქტურული, ანუ დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გადადის ინფრასტრუქტურის სამინისტროში. შედარებით მცირე ნაწილია ლტოლვილებისთვის სტატუსის მინიჭება, მათი სპეციალური უფლებების აღიარება- დაზუსტება, რაც გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ყველაფერი დანარჩენი – სოციალური პოლიტიკის შემუშავება, მხარდაჭერა, ქულების გენერირება, დახმარებების ადმინისტრირება, გადმოდის ჯანდაცვის სამინისტროში”, – განაცხადა სერგეენკომ.
კითხვაზე, გაართულებს თუ არა ეს ადმინისტრირებას, მინისტრის თქმით, ადმინისტრირება არ გართულდება, რადგანაც ამ ფუნქციის განმახორციელებელი ერთეულები სამინისტროს შემადგენლობაში იქნებიან და ისევ გააგრძელებენ თავიანთი ფუნქციის განხორციელებას.
ამასთან, მინისტრის თქმით, სამინისტროთა გაერთიანების შემდეგ ფუნქციების განმახორციელებელი ერთეულები დიდი ალბათობით არ შემცირდება.
სერგეენკოს განცხადებით, მინისტრი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ფიგურა და როდესაც ერთი მინისტრი ხდება რამდენიმე მიმართულებაზე პასუხისმგებელი, ის იძულებულია, მართვის მოდელები უფრო ეფექტიანი გახადოს.
“გადაწყვეტილების დაბადებიდან განხორციელებამდე დრო უნდა შემცირდეს მნიშვნელოვნად. ეს არის ძირითადი რესურსი, რეზერვი, რითიც მოხდება თანხების დაზოგვა, რადგანაც ეფექტიანობა გაიზრდება, მეტი შედეგის მიღწევა იქნება შესაძლებელი. პირობითად რომ გავამარტივოთ საკითხი, სამინისტროში არის გარკვეული ფუნქციების განმახორციელებელი ერთეულები, დეპარტამენტები, სამმართველოები, როდესაც ფუნქციები გაერთიანდება, კონკრეტული ფუნქციის განმახორციელებელი დეპარტამენტი უცვლელად ან მცირე ცვლილებით გადმოვა. რაც შეეხება ზოგად ფუნქციას, ადმინისტრაციულს, ფინანსურ შესყიდვებს, აქ შესაბამისი ერთეულების ხელმძღვანელების დუბლირება აღარ მოხდება. ანუ, ერთ სამინისტროს არ სჭირდება ორი კადრების განყოფილების უფროსი, ორი მთავარი ეკონომისტი. შესაბამისად, იქნება ასეთი ერთეული შემცირებები”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.