დავით სერგეენკო - სააკაშვილისთვის ჩამოსვლა არავის აუკრძალავს, მაგრამ შესანიშნავად იცის, რომ მის მიმართ სასამართლოს გამოტანილი აქვს განაჩენი, მისი გადასაწყვეტია, რას გააკეთებს
მიხეილ სააკაშვილი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო და არ მინდა, ძალიან ხისტი ვიყო, მაგრამ მისი გამონათქვამების ინტერპრეტატორად არ გამოვდგები, მიზნობრივი იქნება მასთან დაზუსტება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით დეპუტატმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა სააკაშვილის განცხადებას, რომ „მელიამ ციხის შიში საერთოდ გააქრო“.
რაც შეეხება ნიკა მელიას უკრაინაში ვიზიტს, სერგეენკოს შეფასებით, ვიზიტი არ ემსახურებოდა უკრაინელებისთვის იმის კითხვას, თუ როგორ სჯობს ქართული სახელმწიფოს განვითარება.
„ვიცი, ეს ვიზიტი რას არ ემსახურებოდა. ეს არ ემსახურებოდა ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასი ხალხისთვის, უკრაინელებისთვის იმის კითხვას, თუ როგორ სჯობს ქართული სახელმწიფოს განვითარება. დანარჩენი, მათი შიდაპარტიული საქმეა და არკვიონ. რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლას და სიტუაციის მოდელირებას, ამისთვის პოლიტიკური მიმომხილველი უნდა იყო, რაც არ ვარ. სააკაშვილისთვის ჩამოსვლა არავის აუკრძალავს, მაგრამ მან შესანიშნავად იცის, რომ მის მიმართ ქართულ სასამართლოს გამოტანილი აქვს განაჩენი, ის არის მსჯავრდებული და არა ბრალდებული. შესაბამისად, მისი გადასაწყვეტია, რას გააკეთებს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.