დავით სერგეენკო - „ქართული ოცნება“ მაინც გაიტანს ამნისტიის შესახებ კანონპროექტს და საზოგადოების არგუმენტებს მოისმენს
„ქართული ოცნება“ მაინც გაიტანს ამნისტიის შესახებ კანონპროექტს და საზოგადოების არგუმენტებს მოისმენს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა ოპოზიციის შეფასებებზე ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით.
„არ შეიძლება, რომ ოპოზიცია შემოთვლისა და მოძახილის რეჟიმში იყოს: ეს მოგვწონს, ის არაო. უნდა მოვიდნენ, დასხდნენ კომიტეტებში და იქ არგუმენტირებულად შეჯერდეს საბოლოო შედეგი, რომელიც იქნება ყველასთვის მისაღები და სამართლიანი. პარლამენტი ამისთვის არსებობს, რადგან სხვანაირად ადამიანების ჯგუფი დაჯდებოდა სადღაც, მოითათბირებდა და ამოპრინტავდა გადაწყვეტილებას. პარლამენტი იმისთვის არსებობს, რომ ღია დებატებში მოხდეს მოსაზრებების შეჯერება.
„ქართული ოცნება“ მაინც გაიტანს ამ კანონპროექტს და საზოგადოების არგუმენტებს მოისმენს. არავის, არც პოზიციას, არც ოპოზიციას აქვს იმის ილუზია, რომ ვიღაცას თვალში ნაცარს შეაყრის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.