დავით სერგეენკო - ნიკა მელიას საკითხში ძალიან დიდი პოლიტიკური შემადგენელია და ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის ლიდერია
ნიკა მელია გარეთ უნდა იყოს თუ საპატიმროში, არ მინდა, ამაში ჩარევა, ეს უნდა იყოს მთლიანად სასამართლოს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
„ნიკა მელიას საკითხში ძალიან დიდი პოლიტიკური შემადგენელია და ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიის ლიდერია და რა თქმა უნდა, ამას პოლიტიკური შუქი ეცემა. რაც შეეხება იმას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო-ეს ადამიანი გარეთ უნდა იყოს თუ საპატიმროში, არ მინდა, ამაში ჩარევა, ეს უნდა იყოს მთლიანად სასამართლოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა სერგეენკომ.
20-21 ივნისის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა დღეს გაიმართება.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა მიმდინარე წლის 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.
პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც პარლამენტმა მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირა.