დავით სერგეენკო - ნიკა მელიას საკითხი მარტივი არ არის, კანონი ყველამ თანაბრად უნდა დაიცვას
დავით სერგეენკო - ნიკა მელიას საკითხი მარტივი არ არის, კანონი ყველამ თანაბრად უნდა დაიცვას

ნიკა მელიას საკითხი მარტივი არ არის, რადგან მართლმსაჯულებასთან ერთად ძალიან დიდი პოლიტიკური შემადგენელია , – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

„რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ჩემი ღრმა რწმენით, კანონი ყველამ თანაბრად უნდა დაიცვას ოპოზიციის, პოზიციის და პოლიტიკური თანამდებობის მიუხედავად. პარლამენტი რა საკითხს დააყენებს, ეს დამოკიდებული იქნება საგამოძიებო ორგანოების დასკვნაზე და მომართვაზე“, – განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, გამოყენებულ იქნა ელექტრონული მონიტორინგი.

თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება მოითხოვა. სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია 5 თებერვალს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა არ გამოცხადდა.

ამავე დღეს, პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა მისცა. უწყების ცნობით, გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურა სასამართლოს მისი პატიმრობის თაობაზე მიმართავს.