დავით სერგეენკო - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა საბაბად გამოიყენა, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა არ მიეღო
პარლამენტის ვიცე-სპიკერ დავით სერგეენკოს განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა საბაბად გამოიყენა, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა არ მიეღო.
როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევიდა, მათი მხრიდან ამა თუ იმ კანონპროექტზე კომიტეტების დონეზე საგნობრივი დისკუსია არ ყოფილა.
„ბოლო პლენარულ სხდომებზე ვნახეთ, რომ ეს ადამიანები კონსტრუქციული ოპონირებისკენ მოწოდებული არ იყვნენ. ისინი თავიდანვე მოწადინებულნი იყვნენ ამისკენ და შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა საბაბად გამოიყენეს, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა არ მიეღოთ. ოპოზიცია ოპონირებაში უნდა იყოს ხელისუფლებასთან, რადგან ეს სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი სწორი გზაა“, – აღნიშნავს დეპუტატი.
სერგეენკოს მიაჩნია, რომ საერთაშორისო რეზონანსი ორივე მხარის მიმართ არის როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის მიმართ, თუმცა მმართველი გუნდის მხრიდან სწორი კომუნიკაცია იქნება იმის გარანტი, რომ დასავლელ პარტნიორებს ყველა კითხვაზე პასუხი გაეცეთ.