დავით სერგეენკო - მთავრობის მეთაურის გადადგომა დიდი მასშტაბის გადაწყვეტილებაა, თუმცა არა დრამატული, ხვალვე იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ხვალვე იქნება მიღებული გადაწყვეტილება ახალ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა შეუფერხებლად გაგრძელდეს.
სერგეენკოს თქმით, გახარიას გადადგომა მისთვის მოულოდნელი იყო.
„გამიჭირდება დასაბუთება, რამდენად გამოსავლის გასაუმჯობესებელი გადაწყვეტილება იყო გიორგი გახარიას მხრიდან. მთავრობის მეთაურის გადადგომა დიდი მასშტაბის გადაწყვეტილებაა, თუმცა არა დრამატული, რადგან ხვალვე იქნება მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა გაგრძელდეს შეუფერხებლად და სამართალი აღსრულდეს.
გამიჭირდება, სრულყოფილად შევაფასო მისი ნაბიჯი, ეს მოულოდნელი იყო, გულახდილად, დღეს გავიგე. ვიცოდი, რომ იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მისი ეს ნაბიჯი მასშტაბით დიდია, თუმცა ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს უფრო დრამატულია, ვიდრე პასუხისმგებლობისგან გაქცევა და ა.შ. ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, მიუხედავად ამ ნაბიჯის მნიშვნელობისა, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობა არ შეფერხდება და პოლიტიკური გადაწყვეტილებები ძალიან მალე იქნება მიღებული“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.
სერგეენკოს განმარტებით, არასწორი მოლოდინია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე პროკურატურამ მოხსნას ბრალდება.
„პოლიტიკური გადაწყვეტილებებით არ უნდა მოქმედებდეს პრკურატურა, შესაბამისად, მოლოდინები არ შეესაბამება რეალობას“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გუშინ შეუფარდა.
შსს-ს წარმომადგენლები გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დილით მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც ნიკა მელია იმყოფება, თუმცა არ შეუშვეს.
მოგვიანებით უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც მოუწოდა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.
ამის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, „ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც დიდად არასდროს სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას, რომელიც 20 ივნისს მოუწოდებდა მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ და პარლამენტში შეჭრის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო“. გახარიას განმარტებით, მიუხედავად ყველაფრისა, „ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ან საერთოდ, ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი“.
შსს-მ გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ კიდევ ერთი მოკლე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო.