დავით სერგეენკო - მჯერა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შერჩეული იქნება ღირსეული კანდიდატი, რომელიც გამოწვევებთან გამკლავებას შეძლებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სჯერა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შერჩეული იქნება ღირსეული კანდიდატი, რომელიც რთულ გამოწვევებთან გამკლავებას შეძლებს.
„ერთია პროცედურული ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ ცხრა დღეში მმართველ პარტიას უნდა მიეწოდოს წინადადებები და გაიაროს კონსულტაციები პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრების ახალ კანდიდატებზე, მეორე მხრივ, არის პოლიტიკური კონსულტაციები, თუ რომელი კანდიდატი იქნება საუკეთესო. ჩემი ბოლო წლების სამსახურიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბევრ მათგანს ვიცნობ, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, თითოეული მათგანი მეცოდება იმ მძიმე ტვირთისთვის, რაც დღევანდელ სიტუაციაში აღმასრულებელი ხელისუფლების მართვას ნიშნავს, მაგრამ მჯერა, შერჩეული კანდიდატი იქნება ყველაზე უფრო ღირსეული და ამ რთულ გამოწვევებთან გამკლავებას შეძლებს.
საზოგადოების ინტერესი, თუ ვინ იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, ლეგიტიმურია, თუმცა ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი ალბათობაზე საუბარი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, „ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც დიდად არასდროს სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას, რომელიც 20 ივნისს მოუწოდებდა მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ და პარლამენტში შეჭრის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო“.
თუმცა, გახარიას განმარტებით, მიუხედავად ყველაფრისა, „ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ან საერთოდ, ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი“. გახარიას შეფასებით, აღსრულების ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკი.