დავით სერგეენკო - მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუ ჩამოვიდა, სამართალი აღსრულდება, მის დაკავებას მე არა, კანონი აპირებს
მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, თუ ჩამოვიდა, სამართალი აღსრულდება, მის დაკავებას მე არა, კანონი აპირებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე, რომ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს.
მისივე თქმით, სააკაშვილის ასეთი განცხადებები ყოველი არჩევნების ან ყოველი სამოქალაქო მღელვარების წინ არის, რაც არის პოლიტიკური სვლები.
„ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისგან, ნიკა მელიასგან განსხვავებით, სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს ჩემი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისადმი და არ მინდა, რაღაც დამაკნინებელი რაღაც ვთქვა. უკვე დასასრული აღარ აქვს. რაღაც დუჟინობით განცხადება იყო გაკეთებული, ჩამოვდივარ, ჩამოვდივარ, ჩამოვდივარ, არ ჩამოვდივარ. გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ან ჩამოვიდეს, ან არა. თუ ჩამოვიდა, ქართული სასამართლოს მიერ უკვე განაჩენი გამოტანილია და, რა თქმა უნდა, სამართალი აღსრულდება. მის დაკავებას მე არ ვაპირებ, მის დაკავებას კანონი აპირებს, რომელიც დაფუძნებულია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
სააკაშვილის ასეთი განცხადებები ყოველი არჩევნების ან ყოველი სამოქალაქო მღელვარების წინ არის, ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სვლებია. მისი ჩამოსვლა ჩემთვის არაფერს შეცვლის და არც რისკად აღვიქვამ. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა 2020 წლის არჩევნებზე ნდობის მანდატი მისცეს „ნაციონალურ მოძრაობას“ იმისთვის, რომ შემოსულიყვნენ პარლამენტში და აქ ყოფილიყო მსჯელობა და არა ქუჩაში ეს გაუთავებელი ესკალაცია, რომელიც ალბათ ყველას მობეზრდა და უკვე ზედმეტია, განსაკუთრებით ქვეყნისთვის, ამ ვითარებაში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირადად იქნება საქართველოში.
„ჩვენ, ყველა ერთად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გაგვიმეოროს ერთი და იგივე ტრიუკი, თავისი ვითომ საარჩევნო კამპანიით და მერე გაყალბებით, გადაწერებით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობის მოწმობის გამოყენებით. ის ამ ყველაფერს იზამს, ოღონდ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, შევუბრუნოთ მათ ხელი, თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.