დავით სერგეენკო - მიხეილ სააკაშვილის შემთხვევის მართვა არასწორად მიმდინარეობს ერთადერთი რამის გამო, ექიმების ფუნქცია დაკნინებულია, პოლიტიკოსები და იურისტები ცდილობენ, ჩაანაცვლონ ექიმები
მხარდამჭერების აქტივობისა და პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოსამართლემ უნდა მიიღოს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
„არის მკურნალობა და არის შემთხვევის მართვა. მკურნალობაზე მე ვერაფერს გეტყვით, ყველაფერი აუცილებელი უკეთდება. რაც შეეხება შემთხვევის მართვას, რომელიც უფრო ფართე ცნებაა, ვიდრე მკურნალობა, ცალსახად არასწორად მიმდინარეობს ერთადერთი რამის გამო: ექიმების პოზიცია, ფუნქცია არის დაკნინებული და პოლიტიკოსები და იურისტები ცდილობენ, ჩაანაცვლონ ექიმები. ეს არის ძალიან დამაზიანებელი, მინინუმ, ორი ფაქტორის გამო: ეს უაყოფითად მოქმედებს პაციენტის დამოკიდებულებაზე მკურნალობისადმი; და მეორე, ეს უარყოფითად მოქმედებს ექიმების კვალიფიციურობაზე, მათზე პოლიტიკური ზეწოლის გამო. მიუხედავად მხარდამჭერების აქტივობისა და პოლიტიკური ზეწოლისა, მოსამართლემ უნდა მიიღოს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.