დავით სერგეენკო - ევროპარლამენტის მოწოდებები მაღალი სიზუსტით იმეორებს ჩვენს პოზიციას, რომ პარლამენტის გამართული მუშაობისთვის საჭიროა ორმხრივი კომპრომისები და მოლაპარაკება
ევროპარლამენტის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, რომ სხვადასხვა პარტიაა წარმოდგენილი, ყველას თავისი მოსაზრება და ამ მოსაზრების გავრცელების უფლება აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ევროპარლამენტში გამართული დებატების კომენტირებისას აღნიშნა.
სერგეენკოს თქმით, პარლამენტის გამართულად მუშაობისთვის საჭიროა, რომ მასში პოლიტიკური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი.
„ევროპარლამენტის მხრიდან ძირითადი მოწოდებები რაც იყო, მაღალი სიზუსტით იმეორებს ჩვენს პოზიციასაც და შეიძლება ერთ თემაში ინტეგრირდეს – ორმხრივი კომპრომისები და მოლაპარაკება არის გზა იმისთვის, რომ პარლამენტმა გამართულად იმუშაოს. მათი წარმომადგენელია გამოყოფილი, ვისთან ერთადაც ბევრი შედეგის მიღწევა იქნება შესაძლებელი მოლაპარაკებების დროს. ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, პანდემიისა და ეპიდემიის პირობებში უმნიშვნელოვანესია სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა. ეს არის მოცემულობა და პარლამენტი ვერ იმუშავებს გამართულად, თუ მასში სრულყოფილად არ იქნა პოლიტიკური სპექტრი წარმოდგენილი, რომელსაც მოსახლეობამ ამა თუ იმ პარამეტრებით ნდობა გამოუცხადა. ეს არის მთავარი ლაიტმოტივი, რომლისკენ უნდა იაროს ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც“, – განაცხადა სერგეენკომ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, გადაუწყვეტელი საკითხი არ არსებობს, თუმცა კომუნიკაცია აუცილებელია.
„არც ერთი საკითხი არ არის გადაუწყვეტელი თავისი ლოგიკით და მოცემულობით, მაგრამ ქუჩიდან შენობაში ან პირიქით, ძალიან რთულია კომუნიკაცია. ნებისმიერი ქვეყნისთვის და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი, სისტემური რეფორმები არის გზა, რომლითაც უნდა იაროს ქვეყანამ და არა გაჩერება. ვერცერთ მიმართულებაზე, მათ შორის ჯანდაცვაზე, რომელსაც შვიდი წელი წარმოვადგენდი, ვერავინ იტყვის, რომ ეს არის საკმარისი და შესრულებულია. რაც შეეხება წითელ ხაზებს, აქცენტირება არის რიგგარეშე არჩევნებზე. უბრალოდ, არ შეიძლება, ადამიანების ჯგუფმა, გნებავთ პოლიტიკური პარტიების სახით იყოს წარმოდგენილი, თქვან – მე ასე მინდა და არ მინდა. ამას თავისი ლოგიკა უნდა ჰქონდეს, რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ეს. ევროპარლამენტის მთელი სიძლიერე არის ის, რაც ჩვენ ჯერ გვაკლია – სრულად არის წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური სპექტრი, ვისაც მოსახლეობამ ნდობა გამოუცხადა. მათ აქვთ იმის უფლება, რომ რიგგარეშე არჩევნებზე მოსაზრებები გაახმოვანონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს მოსაზრებები არის ერთიანი შეჯერებული, ინტეგრირებული ევროპის პოლიტიკასთან. ასეთი ინტეგრირებული მომლაპარაკებელი ძალიან მალე გვეყოლება“, – განაცხადა სერგეენკომ.