დავით სერგეენკო - დამაზიანებელია, როდესაც არასწორად კეთდება აქცენტები და პაციენტის მართვაზე პასუხისმგებლობა ენიჭებათ პოლიტიკოსებს, ეს აზიანებს მკურნალობაზე პაციენტის დამყოლობას
ნებისმიერი პოლიტიკოსის განცხადება, ადგილობრივი პოლიტიკოსის თუ ევროპარლამენტარის, მნიშვნელობა არ აქვს, არის დამაზიანებელი, ისეთი ტიპის განცხადებები, როდესაც არასწორად კეთდება აქცენტები და პაციენტის მართვაზე პასუხისმგებლობა ენიჭებათ მმართველ პარტიას, პოლიტიკოსებს, დამაზიანებელია, თუნდაც ერთი ფაქტორის გამო, რომ აზიანებს მკურნალობაზე პაციენტის დამყოლობას, რაც გადამწყვეტი ფაქტორია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
სერგეენკოს თქმით, ყველაზე ცუდი და დამაზიანებელი, რაც შეიძლება, პაციენტ სააკაშვილთან მიმართებაში მოხდეს, ესაა ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება.
მისივე განმარტებით, უნდა ჩატარდეს კონსილიუმი და არა კლინიკური აუდიტი, რაც აქამდე ტარდებოდა.
„ყველაზე ცუდი და დამაზიანებელი, რაც შეიძლება, მოხდეს პაციენტ სააკაშვილთან მიმართებაში, არის ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება, როდესაც გადაწყვეტილებებს, შეფასებებს და პროგნოზირებას აკეთებენ პოლიტიკოსები, იურისტები და არა ექიმები. უნდა ჩატარდეს კონსილიუმი და არა კლინიკური აუდიტი, რაც აქამდე ტარდებოდა. კლინიკური აუდიტისას, შედის ჯგუფი, სწავლობს, მიაქვთ დოკუმენტები, ერთი თვე მუშაობენ, მოიწერებიან წერილს, შემდეგ ელოდებიან პასუხს და ა.შ. კონსილიუმი არის ექიმების შესვლა და იქამდე ანალიტიკის წაყვანა, ვიდრე კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტიკა რაღაცნაირად ჩამოშორდეს კლინიკურ მართვას პაციენტ სააკაშვილთან მიმართებაში“, – აღნიშნა სერგეენკომ.
ვიცე-სპიკერის თქმით, პოლიტიკოსების ჩარევა კლინიკურ მედიცინაში მხოლოდ აუარესებს ვითარებას და არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნების და რა პოზიციის წარმომადგენელი იქნება. სერგეენკომ ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილისთვის ელექტროსიგარეტის შეზღუდვის შესახებ და აღნიშნა, რომ ნებისმიერი თამბაქოს პროდუქტი, მათ შორის, ელექტროსიგარეტი ცალსახად უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე.
„ვერცერთი პოლიტიკოსი ვერასოდეს განსაზღვრავს, რა არის უკეთესი პაციენტისთვის. პოლიტიკოსების ჩარევა კლინიკურ მედიცინაში მხოლოდ აუარესებს სიტუაციას და არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნების და რა პოზიციის წარმომადგენელი იქნება. რაღაცნაირად უნდა გააცნობიერონ, რომ კლინიკური მართვა სხვა არის, პოლიტიკა – სხვა. ახლა ვნახე მესიჯი, რომ შეეზღუდა ელექტროსიგარეტის მოხმარება. რამდენადაც ვიცი, ზოგადად, პენიტენციურის პროტოკოლით ეს შინაგანაწესის ნაწილი არ არის. ჩემი ვარაუდია, ალბათ ექიმების რეკომენდაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ცალსახად ასე არის ყველასთვის, მიუხედავად იმისა, სად იმყოფება ადამიანი, ნებისმიერი თამბაქოს პროდუქტი, მათ შორის ელექტროსიგარეტი, ცალსახად უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.