დახმარების 50 ლარამდე გაზრდის შედეგად, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები 30-ლარიან კვების ვაუჩერს და 20 ლარს მიიღებენ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განმარტებით, დახმარების 50 ლარამდე გაზრდის შედეგად, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები 30 ლარიან კვების ვაუჩერს, ხოლო თანხის სახით 20 ლარის მიიღებენ. როგორც სერგეენკომ აღნიშნა, საუბარია 100 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებზე.
მინისტრის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში ამისთვის 70 მილიონი ლარი გამოიყოფა.
„პროექტის განხორციელება დაიწყება პირველი იანვრიდან. 2017 წელს ჩატარდა კვლევა და რომ არ ყოფილიყო 10-ლარიანი დახმარება, რომელიც გავააქტიურეთ 2015 წელს, უკიდურესი სიღარიბე გაიზრდებოდა 6,85%-დან 13,1%-მდე. 10-მა ლარმა შეამცირა სიღარიბის მაჩვენებლის გაორმაგება. ახლა ძალაში შევა 50-ლარიანი დახმარება. გამიჭირდება გითხრათ, რა პროცენტულ ზეგავლენას იქონიებს ეს სიღარიბის შემცირებაზე, მაგრამ 10 ლარმა თუ შეამცირა, 50 ლარს უფრო მეტი გავლენა ექნება“,-აღნიშნა დავით სერგეენკომ.