დავით სერგეენკო - ჩემი თხოვნაა, 28 ოქტომბერს არავინ დარჩეს სახლში, ხმა მივცეთ საქართველოს განვითარებას
საქართველოს მოსახლეობამ მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თეთრიწყაროში განაცხადა, სადაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრას ესწრებოდა.
დავით სერგეენკომ ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არჩევნების დღეს არავის დარჩეს სახლში, აუცილებლად მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ქვეყნის განვითარებას მისცეს ხმა.
„28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი – უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მე ვერ გთხოვთ, არც გაკადრებთ მიგითითოდ, ვის მისცეთ ხმა, რადგან თითოეულ თქვენგანს საკმარისზე მეტი გამოცდილება აქვს უტყუარი არჩევანის გასაკეთებლად – ვის უნდა ქვეყნისთვის სიკეთე, ვის უნდა ქვეყნის განვითარება და მეორე მხრივ, ვის ამოძრავებს რევანშის, ბოღმის, ღვარძლის და ანგარიშსწორების სურვილი. ამას თქვენ არაჩვეულებრივად გააკეთებთ. ერთადერთი სათხოვარი მექნება თქვენთან, უმორჩილესი თხოვნა, რომ 28 ოქტომბერს არავინ დარჩეს სახლში და ხმა მივცეთ საქართველოს განვითარებას. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, ჩემი არჩევანი გაკეთებული მაქვს, რომელსაც დავაფიქსირებ. მინდა, სალომე ზურაბიშვილს მივცე ხმა 28 ოქტომბერს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ და ზურაბიშვილს წარმატება უსურვა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს ქვემო ქართლის რეგიონში თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში ხვდება.
საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.