დავით სერგეენკო - ამნისტია მათზე უნდა გავრცელდეს, ვის მიმართაც სამართლიანი იქნება, 20 ივნისის ღამეს დაშავებულებს მეორე პლანზე ვერ გადავწევ
დავით სერგეენკო - ამნისტია მათზე უნდა გავრცელდეს, ვის მიმართაც სამართლიანი იქნება, 20 ივნისის ღამეს დაშავებულებს მეორე პლანზე ვერ გადავწევ

ამნისტია მათზე უნდა გავრცელდეს, ვის მიმართაც სამართლიანი იქნება, 20 ივნისის ღამეს დაშავებულებს მეორე პლანზე ვერ გადავწევ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს დღეებში ოპოზიციის მონაწილეობით უნდა გაირკვეს, რომელ მუხლებს მოიცავს ამნისტიის შესახებ კანონპროექტი.

„ზოგიერთი პოლიტიკოსის მოსაზრებაა, რომ ამნისტია კონკრეტულ ადამიანებზე გავრცელდეს, რაც ნონსენსია და ასე ვერ მოხდება, რადგან ამნისტია გარკვეულ მუხლებზე ვრცელდება. რომელ მუხლებს შეეხება ამნისტია, ეს უახლოეს დღეებში ოპოზიციის ჩართულობით უნდა გაირკვეს.

ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის და ექიმისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს დაზიანებები მიიღეს. იმ ღამის განმავლობაში მე თვითონ კლინიკებში დავდიოდი და ვცდილობდი, რაღაცნაირად გვერდში დავდგომოდი მათ, ვინც იქ დაზიანება მიიღო. მე ამას მეორე პლანზე ვერ გადავწევ. ყველას ერთი თარგის ქვეშ მოქცევა არ შეიძლება – არც მომიტინგეებისა და არც პოლიციელების. საჭიროა, იურისტები და პოლიტიკოსები დასხდნენ და ამნისტიის პროექტი ისე ჩამოაყალიბონ, რომ გავრცელდეს მათზე, ვის მიმართაც ეს სამართლიანი იქნება. ის, თუ ვის უნდა შეეხოს ამნისტია სამუშაო ფორმატში უნდა გადაწყდეს, რა დროსაც ყველა საკითხი სკულპულროზულად უნდა გაიარონ“, – განაცხადა სერგეენკომ.