დავით სერგეენკო აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების აღწერა წლების განმავლობაში მიმდინარეობს
დავით სერგეენკო აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების აღწერა წლების განმავლობაში მიმდინარეობს

სოციალურად დაუცველი ოჯახების აღწერა წლების განმავლობაში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

დავით სერგეენკოს თქმით, სოციალური დახმარების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს.

„სოციალური დახმარების დანიშვნა სხვა არაფერი არ არის, თუ არა ოჯახის სოციალური საჭიროებებისა და შინამეურნეობების შეფასება. ეს პროცესი უწყვეტად მიდის და არასდროს გაჩერებულა. რაც შეეხება მარტვილში უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს, ჩემი ცალსახა პოზიციაა, რომ ახლა, როდესაც ოჯახი გლოვობს და ჯერ ბავშვი არ დაუკრძალავთ, ამაზე ჩემგან საუბარი არ იქნება სწორი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა, სასწრაფოდ დაიწყოს სოციალურად დაუცველი, უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ბავშვებისთვის განსაკუთრებული ზომები მიიღოს.