საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დღეს 2018 წლის საქმიანობას შეაჯამებს.
უწყების ხელმძღვანელი დავით სერგეენკო წლიურ ანგარიშს საზოგადოებას „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში წარუდგენს.
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ინფლაციის პირობებში ზრუნავს, რომ მოსახლეობისთვის მედიკამენტები ხელმისაწვდომი იყოს. სამინისტროს საქმიანობის შეფასებისას ზოიძემ განსაკუთრებით გამოყო ქრონიკული დაავადებების პროგრამა.
„ის, რომ ჯანდაცვა უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის და ინფლაციის პირობებში ის ნაბიჯები, რომელიც იდგმება, რომ წამლები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები. მათ შორის ქრონიკული ავადმყოფობის პროგრამა, რომელიც ფართოვდება. გაფართოვდება როგორც ასორტიმენტი, ასევე ის კატეგორიები, რომლებიც საერთოდ უფასოდ ან სიმბოლურ ფასად ან განახევრებულ ფასში მიიღებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებს. ბევრი რეფორმა დაიწყო წელს, რომელიც გაგრძელდება მომავალ წელს და მთავარი ამოცანა იქნება, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარ ჯანმრთელობაზე და ჯიბეზე იგრძნონ ამ რეფორმების შედეგები“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.