დავით სერგეენკო - 2015-2017 წლებში მოსახლეობის გასავლები იმდენად გაიზარდა, რომ შემოსავლებს გაასწრო
2015-2017 წლების განმავლობაში, მოსახლეობის შემოსავლებთან ერთად გაიზარდა გასავლები იმდენად, რომ გაასწრო შემოსავლებს და ჯამური ბალანსი არის შემცირებული, ანუ ადამიანებს ნაკლები ფული დარჩათ იმისთვის, რომ დახარჯონ პირველადი საჭიროებებისთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, საბანკო სესხების გასტუმრებაა.
„მიზეზი, რამაც გამოიწვია ეს, ერთის მხრივ არის საბანკო სესხების გასტუმრება, ხოლო ჯანდაცვის მხრივ მთავარი მიზეზი არის, რომ უფრო მეტი ფული ეხარჯებოდა მოსახლეობას მედიკამენტების საყიდლად და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. თუმცა, ჯანდაცვის მხრივ, 44-დან 22%-მდე 2015-2017 წლებში შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც რაიმე მიზეზის გამო, ფინანსური ბარიერის გამო, ვერ მიიღეს სამედიცინო დახმარება. შარშან დაწყებული პროგრამა მედიკამენტების ხელმისაწვდომობაში ახლა ივნისში გაფართოვდება, მასში ჩაერთვებიან ასაკით პენსიონრები“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
„მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა“ დღეს გაერო-ს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა, რომლის მიხედვით, 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის, ბავშვებისა და პენსიონერების რაოდენობა, შესაბამისად, 2.9, 4.3, და 2.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
„მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა“ ოჯახების პანელური გამოკითხვაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ყველა რეგიონს მოიცავს.