დავით საყვარელიძე - მიხეილ სააკაშვილის პარტია უკრაინაში რადას რიგგარეშე არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
დავით საყვარელიძე - მიხეილ სააკაშვილის პარტია უკრაინაში რადას რიგგარეშე არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ უკრაინაში უმაღლესი რადას რიგგარეშე არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით საყვარელიძემ უკრაინულ ინტერნეტ-გამოცემა „აპოსტროფთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება, ვადამდელ არჩევნებში თავისუფლად მივიღოთ მონაწილეობა… ჩვენ, როგორც პარტია, წავალთ ამ არჩევნებზე და დავიცავთ იმ ფილოსოფიასა და პროექტებს, რომელთა განხორციელებაც როგორც პოლიტიკურ ძალას გვსურს“, – განაცხადა დავიტ საყვარელიძემ.

მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობა არა მხოლოდ პარტიის სურვილია, არამედ ვალდებულებაა მხარდამჭერების წინაშე, რომლებიც მისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან. ამასთან, დავით საყვარელიძემ აღნიშნა, რომ „ახალი ძალების მოძრაობა“ ვლადიმირ ზელენსკის მხრიდან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას სწორ ნაბიჯად აფასებს.

„უმაღლესი რადა უკვე ოთხი წელია არალეგიტიმურია“, -აღნიშნა დავით საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, 28 მაისს უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს გაიმართება.