დავით საგანელიძე - ახლა უმჯობესია, სხვა საქმეებით ვიყო დაკავებული, ვიდრე პოლიტიკით
დღეს საქართველო ახალი რეალობის წინაშეა და ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ პოლიტიკაშიც იყოს მნიშვნელოვანი ცვლილებები, – ამის შესახებ დავით საგანელიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც საგანელიძემ მედიის წარმომადგენლებთან აღნიშნა, ის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი აღარ იქნება და ახლა უმჯობესია, სხვა საქმეებით იყოს დაკავებული, ვიდრე პოლიტიკით.
„დღევანდელ ქვეყანას ნამდვილად სჭირდება პოლიტიკაში ახალი სახეები, ახალი ხალხი, ახალი ძალები და ალბათ იმ ადამიანებმა, ვინც ბევრი გავაკეთეთ პოლიტიკაში და ამას ალბათ საზოგადოება მომავალში შეაფასებს, ადგილი უნდა დავუთმოთ ახალგაზრდა თაობას. ქვეყანა წინ მიდის და ბევრი რამ უნდა შეიცვალოს.
მინდა, შეგახსენოთ ოთხი წლის წინანდელი ისტორია, როდესაც მაშინდელ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს შემადგენლობა იკრიბებოდა, მაშინ განვაცხადე, ხომ არ ჯობია, მე როგორც პიროვნება, სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს ფინანსურ ინსტიტუტს ვხელმძღვანელობ, ხომ არ ჯობია, არ ვიყო პოლიტიკურად დატვირთული.
თუმცა, მე მაშინ გავითვალისწინე ჩემი მეგობრების, კოლეგების მოსაზრება, რომ პარტია ჩამოყალიბების პროცესში იყო, გამოცდილი ადამიანები პარტიას, პოლიტსაბჭოს სჭირდებოდა და მადლობა, რომ ასეთად ჩამთვალეს. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ვფიქრობ, ალბათ ახლა ჯობია, მე სხვა საქმეებით ვიყო დაკავებული, ვიდრე პოლიტიკით. თუმცა, ეს ერთი მხრივ რთულია, მეორეს მხრივ აუცილებელი“, – განაცხადა საგანელიძემ.