დავით სააკაშვილი - მიშა არის ჩვენი ძმა, თანამედროვე საქართველოს აღმაშენებელი, დუმილი ნიშნავს მკვლელობაში მონაწილეობას, დაგვიდექით მხარში
დავით სააკაშვილი - მიშა არის ჩვენი ძმა, თანამედროვე საქართველოს აღმაშენებელი, დუმილი ნიშნავს მკვლელობაში მონაწილეობას, დაგვიდექით მხარში

მიშა არის ჩვენი ძმა, თანამედროვე საქართველოს აღმაშენებელი. თითოეული ადამიანის დუმილი ნიშნავს მის მკვლელობაში მონაწილეობას. მოგიწოდებთ, მხარში დაგვიდგეთ, რათა მიშა გადავარჩინოთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ძმამ – დავით სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დავით სააკაშვილმა ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და სამოქმედო გეგმა წარადგინა.

„ჩვენს გეგმას რაც შეეხება, დრო ნამდვილად არ გვაქვს. ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ჩვენი გადაწყვეტილებით, ხვალიდან უკვე აქტიურად დავიწყებთ საუბარს ყველასთან. უპირველესად, უნდა ვისაუბროთ ექიმებთან კიდევ ერთხელ, საპატრიარქოსთან, და გვაქვს რაღაც სიგნალები, რომ შეიძლება, პატივი დაგვდოს უწმინდესმა და შეგვხვდეს, გამონახოს დრო, რათა ავუხსნათ მას ჩვენი ძმის, ჩვენი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იქნებ მისმა ზეგავლენამ და ავტორიტეტმა მოახდინოს რაიმე გავლენა. გავაგრძელებთ შეხვედრებს არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მეტიც – ჩვენ ვაანონსებთ უწყვეტ აქციებს, რომლებსაც ამ შეხვედრების შემდეგ ძალიან აქტიურად დავიწყებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ მოვივლით ყველა რეგიონს, დავიწყებთ აჭარიდან, მოვყვებით სამეგრელოს, გავყვებით ყველა მხარეს და შევხვდებით ხალხს. ვფიქრობ, თუ საჭიროა, მოვიწვევთ მასშტაბურ აქციასაც. რაც შეეხება აქციის თარიღს, ალბათ ამ დღეებში გავახმოვანებთ.

ახლა მე დღეს არავითარი გრძელვადიანი გეგმა არ წარმომიდგენია. ეს ყველაფერი მოხდება რამდენიმე დღის განმავლობაში. ჩვენ დავიწყებთ უწყვეტ აქციებსაც, რათა გადავარჩინოთ მიშას სიცოცხლე. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ მიშას არ მოგაკვლევინებთ. ეგ არის გამორიცხული, რადგან მიშა არის ჩვენი ძმა, თანამედროვე საქართველოს აღმაშენებელი. თითოეული ადამიანის დუმილი მის მკვლელობაში მონაწილეობაა. ყველას მოგიწოდებთ, მხარში დაგვიდგეთ, რათა მიშა გადავარჩინოთ“, – განაცხადა დავით სააკაშვილმა.