დავით რაქვიაშვილი - აშშ-ის უსაფრთხოების ახალი სტრატეგიიდან საქართველოსთვის საკვანძო ხუთ საკითხს გამოვყოფ
უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში საქართველოს შესახებ ჩანაწერი არის არა რუსეთის საპასუხო ნაბიჯები, არამედ რუსეთის დიდი ხნის დეკლარირებული პოლიტიკის პასუხად მიღებული სამოქმედო გეგმა და სტრატეგიაა.
დავით რაქვიაშვილი სტრატეგიიდან რამდენიმე საკვანძო ნაბიჯს გამოყოფს.
„ხუთ საკვანძო საკითხს გამოვყოფდი ამ სტრატეგიიდან, რომელიც საქართველოს დღის წესრიგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ეს არის ამერიკა, როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერი აცნობიერებს და ამყარებს ამ ლიდერის პოზიციას და გააძლიერებს, მეორე ცალსახად იკითხება ევროატლანტიკური უსაფრთხოების ღერძის გაძლიერების პერსპექტივა, მათ შორის, ეს არის ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერა და პარტნიორებში ბუნებრივია, საქართველო მოიაზრება, ცალსახად ღიად არის დაფიქსირებული, რომ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია საფრთხეს უქმნის ევროპულ სტაბილურობას, ხოლო ევროპა და ევროპული უსაფრთხოება ამერიკის ეროვნული ინტერესების ერთ-ერთი დიდი მდგენელი ნაწილია. ხაზგასმული და გაანალიზებულია რუსეთისგან მომავალი ჰიბრიდული საფრთხეები და ეს საფრთხეები მიმართულია პირველ რიგში დემოკრატიების წინააღმდეგ და მკაფიოდ არის დაფიქსირებული, რომ ამ საფრთხეებთან გამკლავების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი უნდა იყოს ეროვნული მედეგობის გაზრდა და დემოკრატიული ინსიტუტების გაძლიერება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგია რომელიც ყალიბდებოდა ერთი წლის განმავლობაში, აუცილებლად გადაითარგმნება კონკრეტულ ნაბიჯებში მომავალი სამი წლის განმავლობაში“, – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.
ამასთან, დავით რაქვიაშვილმა კომენტარი გააკეთა, თუ რას ნიშნავს აშშ-ის გვერდში დგომა ზემოაღნიშნული სტრატეგიის მიხედვით.
„ყველა ის ინსტრუმენტი რომელიც აშშ-ის ხელთ არის იქნება ეს ამერიკის კონგრესი თუ აღმასრულებელი ხელისუფლება, ჩვენ არაერთხელ გვინახავს, თუ როგორ იქნება ხოლმე პოლიტიკა შემდეგ გადათარგმნილი ქმედებებში, ჩვენ ვფიქრობ, უნდა ველოდეთ ძალიან თანმიმდევრულ, ნაბიჯ-ნაბიჯ პოზიტიურ დინამიკას ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში.
ეს არის არა რუსეთის საპასუხო ნაბიჯები არამედ ეს არის რუსეთის დიდი ხნის დეკლარირებული პოლიტიკის პასუხად მიღებული სამოქმედო გეგმა და სტრატეგია. როცა საუბარია რომ რუსეთი არის არამხოლოდ ფაქტორი, არამედ პირდაპირ აღიქმება როგორც საფრთხე, არა მხოლოდ საქართველოსთვის და რეგიონისთვის, არამედ მთლიანად ევროპული სტაბილურობისთვის. ამას საქართველო დიდი ხანია ამბობს, თანდათანობით ამის გააზრება მოხდა ევროპულ დედაქალაქებში და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დაფიქსირება საკანონმდებლო აქტებში, რუსეთის ჰიბრიდული საფრთხის აღქმა, როგორც საქართველოსთან მიმართებაში, არამედ ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ. ეს არის ის პარამეტრები რომელიც ყალიბდება ჩვენ ვხედავთ ამ სტრატეგიას. ყალიბდება მყარი, თანმიმდევრული პოლიტიკა, თუ როგორ უნდა შევეწინააღმდეგოთ ყველა ერთად“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.
საქართველოსა და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა მოახდინა დემონსტრირება, რომ ის მზადაა რეგიონის სახელმწიფოების სუვერენიტეტი დაარღვიოს, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაშია ნათქვამი .
68 გვერდიანი დოკუმენტის შინაარსი მოქალაქეებს თავად დონალდ ტრამპმა გააცნო.