დავით ქევხიშვილი ლერი ხაბელოვს უპირისპირდება - ამ გადაწყვეტილებით მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ოლიმპიური კომიტეტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების საკითხი
10 აგვისტოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა გამგეობის სხდომა, რომელმაც კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 11 სექტემბერი დაადგინა, კანდიდატად კი ლერი ხაბელოვი წარადგინა.
ამ გადაწყვეტილებას ძიუდოს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქევხიშვილი უარყოფითად გამოეხმაურა. აი, რა დაწერა მან სოცქსელში:
„მეგობრებო, მინდა ორიოდე სიტყვით გამოვეხმაურო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას არჩევნების დანიშვნის თაობაზე, რაც მიმაჩნია, რომ თავისთავად არის გაგრძელება იმ უსამართლო ქმედების, რომელიც წესდებაში ცვლილების შეტანის სახით დაფიქსირდა გასული წლის დეკემბერში.
ამ ცვლილებით ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სრულიად უსაფუძვლო მოტივით „დააკანონა“ არჩევნებზე ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატად ყოფნის შეზღუდვა და მოახდინა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური პრინციპის, კონკურენციის, შეჯიბრებითობის აკრძალვა. აღნიშნული თავის დროზე გახდა მიზეზი ჩემი მხრიდან, პროტესტის ნიშნად ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრის სტატუსის დატოვების.
დღეს უკვე პრეზიდენტობის კანდიდატი უფრო შორს წავიდა და ამ ორი გადაწყვეტილების ერთობლიობით ფაქტობრივად გაემიჯნა სახელმწიფოსა და შესაბამისად, მმართველი გუნდის ზოგად სპორტულ პოლიტიკას. ამ გადაწყვეტილებით მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თავად ოლიმპიური კომიტეტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების საკითხი, რამეთუ ყველანაირი დემოკრატიული პრინციპის დარღვევა იქნება ასეთი სახის, ჩაკეტილ ორგანიზაციად ქცეული ოლიმპიური კომიტეტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება.
ვფიქრობ, საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სრულად უნდა აიღოს ეს ფუნქცია და სპორტი ოლიმპიური კომიტეტის გვერდის ავლით, ისე რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნას სპორტულ ფედერაციებს, ოლიმპიური კომიტეტისთვის ბიუჯეტის განსაზღვრის გარეშე დააფინანსოს. ჩემთვის ამ ყოველივეს აღნიშვნა ორმაგად აუცილებელია და მნიშვნელოვანი, რამეთუ გახლავართ არა მხოლოდ სპორტული საზოგადოების წევრი, არამედ პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი. ვფიქრობ სწორედ ასეთი თვითნებური გადაწყვეტილებები მავანთა მხრიდან აყენებს ჩრდილს ჩვენს ერთიან პოლიტიკას, რაც აუცილებლად უნდა იქნეს განხილული, როგორც მინიმუმ, სპორტული პოლიტიკის მმართველ ორგანოებში“.