დავით ქაცარავამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელს ბოქლომი დაადო
საქართველოს გენერალური პროკურატურის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები თბილსიში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) შენობასთან მივიდნენ.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელმა, დავით ქაცარავამ სუს-ის შენობის შესასვლელს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.
ამასთან, როგორც ქაცარავამ აღნიშნა, მასსა და მისი ოჯახის წევრებზე მუქარა ხორციელდება.
ქაცარავას თქმით, რამდენიმე წყაროსგან აქვს ინფორმაცია, რომ იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით მის დაკავებას აპირებენ. მან მედიას იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი იყო მობილიზებული. აქციამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.
ამასთან, დღეს აქცია გაიმართა გენერალურ პროკურატურასთან, სადაც უწყების ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.