დავით ნარმანია - რუსეთიდან მიღებული გაზი უმნიშვნელოა, წლიდან წლამდე 90 პროცენტზე მეტ გაზს ვიღებთ აზერბაიჯანიდან
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, რუსეთიდან მიღებული გაზის წილი უმნიშვნელოა.
მისივე თქმით, ხანდახან პოლიტიკური ოპონენტები აღნიშნულ საკითხზე პედალირებენ, თუმცა ციფრები სხვა რამეზე მეტყველებს.
„ხშირად არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ საქართველო რუსეთზე არის ჩამოკიდებული გაზის მიწოდების ნაწილში, ჯამში 2020 წელს 2 ნახევარი მილიარდი მეტრ კუბი გაზი იქნა მოხმარებული, საიდანაც რუსეთიდან მიღებული გაზი მხოლოდ 0,2 მილიარდი მეტრ კუბი იყო, ანუ ძალიან უმნიშვნელო, წლიდან წლამდე 90%-ზე მეტი გაზი მაინც მიიღება აზერბაიჯანიდან.
რაც შეეხება რუსეთიდან მიღებულ გაზს, ძირითადი ნაწილი სომხეთში გატარებული ტრანზიტის შედეგად საქართველოში დატოვებული გაზის მოცულობაა. როგორც წესი, 10%-იც არ არის ხოლმე. 6% იყო წინა საანგარიშო პერიოდში. ხანდახან, პოლიტიკური ოპონენტები ამ საკითხს აყენებენ ხოლმე და პედალირებენ ამაზე, თუმცა ციფრები სხვა რამეს საუბრობენ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2020 წლის წლიური ანგარიშის წარმოდგენისას.