დავით ნარმანია - იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსი მნიშვნელოვნად გამყარდება, მარეგულირებელ კომპანიას აქვს უფლებამოსილება, „თბილისი ენერჯის" აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფს გადახედოს
დავით ნარმანია - იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსი მნიშვნელოვნად გამყარდება, მარეგულირებელ კომპანიას აქვს უფლებამოსილება, „თბილისი ენერჯის" აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფს გადახედოს

„თბილისი ენერჯის“ არეალში ტარიფი იზრდება 8 თეთრამდე, ამით კომპანია წელში გასწორდება, რათა შეძლოს მომავალში არსებული სხვა ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს ბუნებრივი აირის უსაფრთხო და უწყვეტ მიწოდებას ჩვენი მომხმარებლებისთვის, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიიდან გამომდინარე, ვალუტის კურსი გაუარესდა, კომპანია ბუნებრივ აირს ძვირად ყიდულობდა და მომხმარებლებს იაფად აწვდიდა, რამაც კომპანიის ზარალი გამოწვია.

„ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ამ საფუძვლით იყო მიღებული. მარეგულირებელი კომისიის მიერ ტარიფი დადგინდა 2019 წლის ბოლოს, 2020 წლის განმავლობაში, ასევე მიმდინარე წლის ხუთი თვის განმავლობაში, ჯამში 20 მილიონ ლარზე მეტის ზარალი მიიღო კომპანიამ, რადგან ჩვენ მიერ დადგენილ პერიოდში კურსი იყო 2.37, შემდეგ პანდემიიდან გამომდინარე, კურსი გაუარესდა და კომპანია ყიდულობდა ძვირად და იაფად აწვდიდა მომხმარებლებს, ამან გამოწვია მათი ზარალი“, – განაცხადა ნარმანიამ.

მისი თქმით, ახალი ტარიფი პირველი ივნისიდან ამოქმედდება და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

ამასთან, აღნიშნა, რომ ლარის კურსის გამყარების შემთხვევაში, თუ ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, მარეგულირებელ კომპანიას აქვს უფლებამოსილება, გადახედოს ტარიფს შემცირების კუთხით.

„თუ ვალუტის კურსის არსებითი გაუარესება არ მოხდება, ტარიფი შენარჩუნდება ამ ვადით. როცა პარამეტრების არსებითი რღვევა ხდება და კომპანიები ზარალზე გადიან მათ გააჩნიათ უფლებამოსილება, რომ მიმართონ მარეგულირებელ. კომისიას ტარიფის გადახედვის მოთხოვნით. დარწმუნებული ვართ, ასეთი გადახედვა არ მოგვიწევს, თუ ყველა სხვა პარამეტრი იქნება შენარჩუნებული. ვალუტის კურსის გამყარების შემთხვევაში, თუ ის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, მარეგულირებელ კომპანიას აქვს უფლებამოსილება, გადახედოს ტარიფს შემცირების კუთხით“, – განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება რეგიონებში არსებულ ტარიფს, როგორც სემეკ-ის თავმჯდომარე განმარტა, „სოკარ ენერჯი გაზი“ ტარიფის გადახედვას ამ ეტაპზე არ ითხოვს.

„ჩვენთან, ამ დროისთვის შემოსულია ორი პატარა კომპანიის განაცხადი, მოხდეს იგივე პირობებით ტარიფის გადახედვა „არკეთილაირისა“ და „ენერგოკავშირის“ აბონენტებისთვის. დადგენილი წესით იმსჯელებს კომისია აღნიშნულ საკითხზე. რაც შეეხება რეგიონებს, მათგან რაიმე განაცხადი არ შემოსულა”,- განაცხადა ნარმანიამ.

„თბილისი ენერჯის“ აბონენტებისთვის გაზის ტარიფი გაიზარდა. აბონენტები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 7, 834 თეთრით მეტს გადაიხდიან. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, „თბილისი ენერჯის“ აბონენტებს 46,138 თეთრის ნაცვლად 53,972-ის გადახდა მოუწევთ დღგ-ს ჩათვლით. ამასთან, გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით კომპანია „თბილისი ენერჯიმ“ განცხადება გაავრცელა. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს და 26 თეთრად ყიდის.