დავით ნარმანია - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გარკვეული რისკები და ხარჯები თავის თავზე ნავთობისა და გაზის კორპორაციამ აიღო
დედაქალაქში ბუნებრივი აირის ტარიფი პრაქტიკულად დარჩა უცვლელი მომდევნო სამი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, კომისიამ დადგენილი წესის მიხედვით შეისწავლა კომპანიების მიერ წარდგენილი ხარჯები.
„რამდენიმე დღის წინ შევითანხმეთ კომპანიების საინვესტიციო გეგმები მომდევნო სამი წლისთვის. სხვადასხვა ეკონომიკურ პარამეტრზე დაყრდნობით დავადგინეთ ბუნებრივი აირის ტარიფები. დედაქალაქში ბუნებრივი აირის ტარიფი პრაქტიკულად დარჩა უცვლელი მომდევნო სამი წლის განმავლობაში
საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს მოსაწოდებელი გაზის ფასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე, რამე სახის ზრდა მოსალოდნელი არ არის. ამან მოგვცა საშუალება, ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან ერთად, დაგვედგინა უშუალოდ კომპანიებისთვის მოსაწოდებელი გაზის ფასი. რისკები და ხარჯები თვითონ ნავთობისა და გაზის კორპორაციამ თავის თავზე აიღო, რათა ეს რისკები დაეკომპენსირებინა, მათ შორის ვალუტის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით რისკი. ამან მოგვცა საშუალება, არ გაზრდილიყო დედაქალაქში სამომხმარებლო ტარიფი“, – განმარტა დავით ნარმანიამ.
თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფი 0.002 თეთრით, 46.137 თეთრამდე მცირდება. ტარიფი 2020-2022 წლებში იმოქმედებს. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) სხდომაზე გადაწყვეტილება დღეს მიიღეს. მიმდინარე წელს ტარიფი კუბურ მეტრზე 46.139 თეთრი იყო.