დავით ნარმანია დედაქალაქის მერის რანგში თბილისის მთავრობის ბოლო სხდომას გამართავს
დავით ნარმანია დედაქალაქის მერის რანგში დღეს თბილისის მთავრობის ბოლო სხდომას გამართავს.
სხდომაზე განხილული იქნება 20 საკითხი, მათ შორის რიყის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის გარემოს დაცვის სამინისტროსთვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის მინიჭების შესახებ, თბილისის მუნიციპალიტეტის 100% წილობრივი მონაწილეობისთვის დაფუძნებული შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კაპიტალის ცვლილების შესახებ, თბილსერვის ჯგუფისთვის უზურფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონით იჯარით გადაცემის შესახებ, საბურთალოს რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთის საზღვრების შემცირებით კორექტირების შესახებ, თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტული ცენტრი იმედისთვის თანხის გამოყოფის შესახებ და სხვა.
დავით ნარმანია თბილისის არჩეული მერის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებს, მისი უფლებამოსილება 11 ნოემბერს იწურება. ნარმანია ხუთწლიანი მუშაობის შედეგებს პარასკევს 10 ნოემბერს შეაჯამებს.
ამასთან, თბილისის არჩეული მერი კახა კალაძე უფლებამოსილების განხორციელებას 13 ნოემბრიდან შეუდგება.